"რუსთავი 2-თან" - ექსკლუზიურ ინტერვიუში, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა:
უკრაინის ომი ეს არის ის თემა, რაზეც მთელი მსოფლიო საუბრობს. თუმცა, მე მინდა გკითხოთ "ომის პარტიის" შესახებ, რადგან უნგრეთის მთავრობა მას ახსენებს. მე წავიკითხე ბევრი რამ, რასაც უნგრეთის მთავრობა ამბობს, ამაზე საუბრობს საქართველოს მთავრობაც. თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც წლების განმავლოვაში ბრიუსელში გადაწყვეტილების მიმღებ მაგიდასთან ზის — როგორ გამოიყურება სინამდვილეში "ომის პარტია" ევროკავშირში, როგორ მიიღება გადაწყვეტილებები ამ თემაზე?
"როდესაც ბრიუსელში მიდიხართ და მონაწილეობთ იქაურ შეხვედრებში, დაინახავთ, რომ ბრიუსელში გამეფებულია ომის ფანატიზმი… კი, ომის ფანატიზმი… სინამდვილეში, ბოლო საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე ბევრმა მინისტრმა თქვა — სიტყვასიტყვით მოვიყვან ციტატას — რომ ევროკავშირი არ არის მზად მშვიდობისთვის. ეს არის ძალიან, ძალიან სერიოზული განცხადება, რადგან ეს ნიშნავს, რომ ბრიუსელი, ევროკავშირი და დასავლეთ ევროპის ქვეყნები ღიად უთხრიან ძირს სამშვიდობო ძალისხმევას და მათ ინტერესებში არ შედის, რომ ამერიკელებმა და რუსებმა მიაღწიონ ყოვლისმომცველ შეთანხმებას, რომლის ნაწილიც უნდა იყოს მშვიდობა უკრაინაში.
ევროპელებს რომ ხელი არ შეეშალათ პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევისთვის, ბოლო ერთ წელზე ცოტა მეტი ხნის განმავლობაში, დარწმუნებული ვარ, მშვიდობა უკვე მიღწეული იქნებოდა. ევროპელები თავიდანვე განიხილავდნენ ამ ომს ისე, თითქოს ეს მათი ომი იყო. როგორც ამბობენ — "ეს ჩვენი ომია". სინამდვილეში, ეს ნამდვილად არ არის ჩვენი ომი, რადგან რუსეთი თავს დაესხა უკრაინას, მაგრამ არა ევროკავშირის ან ნატოს რომელიმე წევრ ქვეყანას. ასე რომ, ისეთი აღქმის შექმნა, თითქოს ეს იყოს ომი რუსეთსა და ევროპას შორის, რუსეთსა და დასავლეთს შორის, უბრალოდ არ შეესაბამება სიმართლეს და ძალიან სახიფათოა. თუ ასეთ აღქმას შექმნით, მაშინ ეს აღქმა შეიძლება რეალობად იქცეს. და თუ ეს მოხდება, ეს დიდი ტრაგედიაა, რადგან ყველამ ვიცით, რომ ნატოს, დასავლეთსა და რუსეთს შორის შეიარაღებული კონფლიქტის დაწყება ნიშნავს მესამე მსოფლიო ომს. და სიმართლე გითხრათ, 21-ე საუკუნეში ჩვენ არ გვინდა ისეთი რამ, როგორიც მესამე მსოფლიო ომია. ასე რომ, იდეები, რასაც ევროპელი ომის მომხრე პოლიტიკოსები აჟღერებენ, ძალიან სახიფათოაა...".
ვინ არიან ისინი?
"სინამდვილეში, ოფიციალური პირები".
ვინ, ურსულა ფონ დერ ლაიენი? კაია კალასი?
"დიახ, დიახ. ევროკავშირის ამჟამინდელი ლიდერები. რა თქმა უნდა. ურსულა ფონ დერ ლაიენი, მანფრედ ვებერი, ნებისმიერი, ვინც იღებს გადაწყვეტილებებს ქვეყნების შესახებ".
ისინი არიან ადამიანები, რომლებიც გვთავაზობენ ევროპა ვაქციოთ ომის მხარედ?
„თუნდაც, რასაც მე ვხედავ არის ის, რომ ევროპის სახალხო პარტია დღეს ყველაზე მეტად ომის მომხრე პოლიტიკური პარტიაა ევროპაში. თქვენ ხედავთ, რომ ბევრი დასავლეთ და ჩრდილოეთ ევროპელი პოლიტიკური ლიდერი აკეთებს განცხადებებს, რომლებიც უფრო მეტად ახდენს ომისა და დაძაბულობის ესკალაციას, ვიდრე მათ განმუხტვას. სამწუხაროდ, ეს ასეა. ასე რომ, ეს პოლიტიკოსები უთხრიდნენ ძირს პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევას და ეს არის ძალიან სახიფათო და ძალიან ცუდი,"- აცხადებს სიიარტო.








