"რუსთავი 2-თან" - ექსკლუზიურ ინტერვიუში, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა:

- როგორ ფიქრობთ, რა არის თქვენი თავდაცვის "მეხუთე მუხლი" იმ სიტუაციაში, როცა გსურთ გახდეთ უფრო სუვერენული ქვეყანა, როცა გსურთ გადაარჩინოთ თქვენი სუვერენიტეტი, თქვენი ეროვნული ინტერესები, და თქვენს წინააღმდეგ არის ევროკავშირი, ევროკავშირის სასამართლო, მთელი ბიუროკრატია? როგორ უმკლავდებით ამას?

"ნახეთ, დებატები ევროკავშირის მომავალ მოწყობაზე დიდი ხანია მიმდინარეობს, რადგან არის დიდი დავა ფედერალისტებსა და სუვერენიტებს შორის. ფედერალისტებს სურთ, რომ ევროკავშირი იყოს ბრიუსელის იმპერია, სადაც არ აქვს მნიშვნელობა ჩეხი ხარ, დანიელი, ბერძენი თუ ვინ — შენ ხარ ევროპელი, და კომპეტენციები წევრი ქვეყნებიდან უნდა გადაეცეს ბრიუსელს. მაშინ როცა ჩვენ, სუვერენისტები ვამბობთ: ნახეთ ბიჭებო, ეს არის ინტეგრაცია, ინტეგრაცია დაფუძნებული ქვეყნების ნებაყოფლობით სურვილსა და სუვერენულ გადაწყვეტილებაზე, და ჩვენი სუვერენიტეტი არის ფასეულობა ჩვენთვის. ჩვენ გვინდა მისი შენარჩუნება. ჩვენ ვმუშაობთ ერთად იმ სფეროებში, რომლებიც ყველასთვის სასარგებლოა, მაგრამ ვინარჩუნებთ მემკვიდრეობას, ჩვენს კულტურას, რელიგიას, სპეციფიკას, ჩვენს იდენტობას. და არ გვსურს მათი დათმობა. ეს დებატები, თუ რა კომპეტენციები უნდა გადაეცეს ბრიუსელს და რა არა, დიდი ხანია მიმდინარეობს. ყველა კრიზისმა, მათ შორის ფინანსურმა, მიგრაციულმა და კოვიდმა, ძალიან ნათლად აჩვენა, რომ ევროპულ ინსტიტუტებს არ შეუძლიათ ლიდერობა საგანგებო სიტუაციებში. ახლა დასავლეთ ევროპელებს სურთ დაამტკიცონ, რომ დიახ, ინსტიტუტებს შეუძლიათ ლიდერობა. ამიტომ მათ სურთ უფრო და უფრო მეტი კომპეტენციები. ამ მომენტში კი ჩნდება ერთი რამ, ისინი ომს განიხილავენ როგორც გზას, ევროპული ინსტიტუტების გასაძლიერებლად. და ეს არის ის, რასაც ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ, სრულად. ჩვენ არ ვართ მზად ამ ომში ჩასართავად. არ ვართ მზად მის დასაფინანსებლად. არ ვართ მზად იარაღის მისაწოდებლად. არ ვართ მზად ჯარების გასაგზავნად. ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვამბობთ — ეს არ არის ჩვენი ომი. ამაზე პასუხისმგებლობა არ გვაკისრია და არ გვინდა მისი ნაწილი ვიყოთ. ასე რომ, ეს დებატები გრძელდება. ეს არის ძალიან მძიმე დებატები.

- შეგიძლიათ მოიგოთ ეს ომი, ეს დებატები?

"შეიძლება მოიგოს ხალხმა, რადგან თუ ხალხი არჩევნებზე ჩვენს სასარგებლოდ მისცემს ხმას, მაშინ ხალხი მოიგებს ამ ბრძოლას. მიზეზი, რის გამოც ჩვენ შეგვიძლია ვუთხრათ "არა" ბრიუსელს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ომი, მიგრაცია თუ გენდერი, არის ის, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან ფართო მხარდაჭერა სახლში. ასეთი საზოგადოებრივი მხარდაჭერა რომ არ გვქონოდა, ასეთი სტაბილური საპარლამენტო სტრუქტურა რომ არ გვქონოდა, ასეთი სტაბილური ზურგი რომ არ გვქონოდა, მაშინ ვერც ჩვენ შევძლებდით ბრიუსელისთვის "არას" თქმას ამ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. შეხედეთ სხვა ქვეყნებს, სადაც კოალიციური მთავრობებია, უმცირესობის მთავრობები, მრავალფეროვანი მთავრობები — მათ არ შეუძლიათ საკუთარი სუვერენული ნების შენარჩუნება. თუ არ გაქვს სტაბილური საზოგადოებრივი მხარდაჭერა სახლში, ბრიუსელში ძალიან მძიმე სიტუაციაში ხარ".