უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს განცხადებით, ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს მიერ ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები აჩვენებს, რომ ბრიუსელში ყველა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევის წინააღმდეგ დგას.

სიიარტომ მარკ რუტეს ომის გარშემო დაძაბულობის გაღვივების შეწყვეტისკენ მოუწოდა.

პიტერ სიიარტომ საკუთარი სიტყვების მტკიცებულებად ნატო-ს გენერალური მდივნის მიერ ბერლინში გაკეთებული განცხადებები მოიყვანა, სადაც რუტემ აღნიშნა, რომ 5-წლიან პერიოდში რუსეთი, შეიძლება, ნატო-ზე თავდასხმისთვის მზად იყოს.

როგორც უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ასეთი განცხადებები მკვეთრი და საშიში ცვლილების ნიშანია და „სამშვიდობო მოლაპარაკებებს პრაქტიკულად ზურგში დანას ურტყამს“.

სიიარტოს თქმით, უნგრეთი, როგორც ნატო-ს წევრი, უარყოფს მტკიცებას, თითქოს ევროპული ქვეყნების უსაფრთხოებას უკრაინა უზრუნველყოფს.

„ევროპული ქვეყნების უსაფრთხოების გარანტიას არა უკრაინა, არამედ ნატო იძლევა. უკრაინა საკუთარი თავისთვის იბრძვის და არა ჩვენთვის. მსგავსი პროვოკაციული განცხადებები უპასუხისმგებლო და საშიშია“, – უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს მოსაზრებას უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის პრესსპიკერი ზოლტან კოვაჩი აქვეყნებს.

თარგმანი: პირველი არხი