უნგრეთის პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარის წინააღმდეგ პროკურატურაში ორი განცხადება შეიტანეს. განცხადებების ავტორები მადიარს  მუქარასა და ოჯახურ ძალადობაში ადანაშაულებენ.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, განცხადებები ეყრდნობა იუსტიციის ყოფილი მინისტრის, იუდით ვარგას ჩვენებას. ვარგა მადიარის ყოფილი მეუღლეა. ჩვენება მან მიმდინარე კვირაში პარლამენტის საგამოძიებო კომისიას მისცა. თავად ვარგა პროკურატურაში არ მისულა.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, განცხადებები შეიტანეს „ფიდესის“ ყოფილმა დეპუტატმა ილონა ეკეშმა და პარტიის ყოფილმა წევრმა იშტვან თენი უმცროსმა.

ეკეშის თქმით, 2023 წლის იანვარში მადიარმა საცხოვრებელ სახლში ვარგასთან საუბარი მისი თანხმობის გარეშე ჩაიწერა. განცხადების ავტორის მტკიცებით, მადიარი ამ ჩანაწერით 2024 წლის მარტამდე ვარგას ემუქრებოდა. ეკეში წერს, რომ მადიარი ვარგას დანაშაულის შესახებ განცხადებით დაშინებას, დაპატიმრების მოთხოვნას და „ცხოვრების დანგრევას“ უპირებდა, თუ ის განქორწინებას არ გადაიფიქრებდა. მუქარა ასევე ეხებოდა ქონების გაყოფას და შვილების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას.

ეკეშის განცხადებით, მუქარის გამო ვარგამ განქორწინება გადადო.

ეკეში პროკურატურას სთხოვს, გამოძიება დაიწყოს. ის ითხოვს 2023 წლის აუდიოჩანაწერისა და მუქარის დამადასტურებელი მტკიცებულებების გამოთხოვას. საქმეზე გამოძიება ჯერ არ დაწყებულა.

ცნობისთვის, 2024 წლის მარტში მადიარმა ვარგასთან საუბრის ჩანაწერი თავად გაასაჯაროვა. გამოქვეყნებული ჩანაწერის თანახმად, ვარგა ამბობდა, რომ ვიქტორ ორბანის გარემოცვა კორუფციის საქმეში ჩარევას ცდილობდა, ამას კი, მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა.