უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა გააკრიტიკა გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის წინადადება, რომელიც ევროკავშირის შვიდწლიანი ბიუჯეტის დამტკიცებას უკრაინის ფინანსურ მხარდაჭერას უკავშირებს.

მადიარის შეფასებით, ეს არასწორი მიდგომაა.

ამის შესახებ მადიარმა მერცთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ნება მომეცით, დიპლომატიურად, თავაზიანად, თუმცა ამავდროულად, მტკიცედ განვაცხადო, რომ არ მიმაჩნია სწორ მიდგომად ევროპის ბიუჯეტის, რომელიც საბოლოო ჯამში, თავად ევროკავშირს ეხება, რაიმე ფორმით სხვა საკითხთან დაკავშირება“, – აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.

მადიარის თქმით, მერცის პოზიციას შანტაჟად არ აღიქვამს, თუმცა, მისი შეფასებით, ასეთი მიდგომა გარე სამყაროს არასწორ გზავნილს უგზავნის.

თავის მხრივ, გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ უკრაინის მხარდაჭერა ევროკავშირის საერთო ამოცანაა. მისი აზრით, უკრაინისთვის ფინანსური დახმარების საკითხი ევროკავშირის ახალი ბიუჯეტის შესახებ მოლაპარაკებების ფარგლებში უნდა განიხილებოდეს და წევრ სახელმწიფოებს შორის შეთანხმდეს.

მანამდე „ფაინენშალ თაიმსი“ წერდა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიუ კოშტასადმი გაგზავნილ წერილში მერცმა გერმანიის მხარდაჭერა ევროკავშირის 2028-2034 წლების ბიუჯეტისთვის იმ პირობით დაადასტურა, რომ ევროკავშირის ყველა ქვეყანა დათანხმდება უკრაინისთვის დაფინანსების გამოყოფას.