უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ ქვეყანას ხუთი განსაკუთრებით კრიტიკული დღის გადატანა მოუწევს, რადგან დუნაის წყლის დონის მკვეთრი შემცირების გამო ქვეყნის ერთადერთი ატომური ელექტროსადგური ჩერდება.
ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
უნგრეთის 2-გიგავატიანი ატომური ელექტროსადგური „პაკში“, სადაც ოთხი რუსული წარმოების რეაქტორი ფუნქციონირებს, საერთო სიმძლავრის დაახლოებით 10%-ზე მუშაობს. ამის მიზეზი მდინარე დუნაის წყლის რეკორდულად დაბალი დონეა, რომლის წყალსაც სადგურის რეაქტორების გასაგრილებლად იყენებენ.
უნგრეთის წყლის რესურსების სააგენტოს პროგნოზით, მომდევნო დღეებში დუნაიში წყლის დონე კიდევ უფრო დაიკლებს.
„წინ ყველაზე კრიტიკული ხუთი დღე გველოდება. ხვალ ატომური ელექტროსადგური „პაკში“ ელექტროენერგიას აღარ გამოიმუშავებს, მაშინ როდესაც ყველაზე ცხელი დღეები იწყება და ტემპერატურა 40 გრადუს ცელსიუსს მიაღწევს“, – განაცხადა მადიარმა.
მისივე თქმით, „ელექტროსისტემა, კომუნალური სამსახურები და მთლიანად ქვეყანა უზარმაზარი დატვირთვის წინაშე აღმოჩნდება“.
მადიარმა ასევე აღნიშნა, რომ „პაკშის“ მუშაობის შეჩერება შესაძლოა, რამდენიმე კვირა გაგრძელდეს.
წყლის დონის შემცირებამ უკვე შეაფერხა მდინარეში ნაოსნობა. მთავრობის ინფორმაციით, წყლის მოხმარებაზე შეზღუდვები 100-ზე მეტ ქალაქსა და სოფელში დაწესდა, მათ შორის ბუდაპეშტის შემოგარენშიც.
უნგრეთის პრემიერმა კიდევ ერთხელ მოუწოდა საწარმოებს, სახელმწიფო უწყებებს, ადგილობრივ თვითმმართველობებსა და მოსახლეობას, მნიშვნელოვნად შეამცირონ ელექტროენერგიის მოხმარება საღამოს პიკური დატვირთვის პერიოდში -17:00-დან 22:00 საათამდე.
მისივე თქმით, მთავრობა გადაწყვეტს, საჭირო იქნება თუ არა მსხვილი საწარმოებისთვის ელექტროენერგიის მოხმარების სავალდებულო შეზღუდვების დაწესება.
პარტია „ტისას“ თავმჯდომარის მოადგილის, მარკ რადნაის შეფასებით, ეს ენერგეტიკული კრიზისი უნგრეთს 100-დან 200 მილიარდ ფორინტამდე (დაახლოებით 315–630 მილიონი აშშ დოლარი) დაუჯდება, რადგან იმპორტირებული ელექტროენერგიის ფასი მკვეთრად გაიზარდა.









