პეტერ მადიარი აცხადებს, რომ უნგრეთი შესაძლოა, ენერგეტიკული კრიზისის საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს, რადგან ქვეყნის ერთადერთი ატომური ელექტროსადგური „პაკში“ მუშაობას აჩერებს.

მადიარის განმარტებით, მდინარე დუნაიში წყლის დონის მკვეთრი შემცირების გამო, „პაკშის“ გაჩერებამ და მაღალი ტემპერატურის ფონზე საღამოს საათებში ელექტროენერგიის მოხმარების დაახლოებით 20-პროცენტიანმა ზრდამ შესაძლოა, ქვეყნის ენერგოსისტემაში „კრიტიკული ვითარება“ გამოიწვიოს.

მადიარის განცხადებით, უნგრეთის მთავრობა მსხვილ მომხმარებლებს, მათ შორის აკუმულატორებისა და ავტომობილების მწარმოებლებს, სთხოვს, სიცხის პერიოდში ელექტროენერგიის მოხმარება ნებაყოფლობით შეამცირონ, განსაკუთრებით 17:00-დან 22:00 საათამდე.

მადიარმა აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში, მთავრობა ჩაერევა და შესაძლოა, იძულებითი ზომებიც გამოიყენოს, კერძოდ, საწარმოებისთვის ელექტროენერგიის მოხმარების დროებითი და დაგეგმილი შეზღუდვა. მისი თქმით, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები უკვე მზადდება.

ამასთან, მადიარის თქმით, თუ მიღებული ზომები საკმარისი არ აღმოჩნდება, ხელისუფლებამ შესაძლოა, ელექტროენერგიის ე.წ. როტაციულ ​გათიშვებს მიმართოს, რაც სხვადასხვა რეგიონსა და მომხმარებელთა ჯგუფებში ელექტროენერგიის დროებით, მონაცვლეობით გათიშვას გულისხმობს.

ამ ფონზე, პრემიერ-მინისტრმა უნგრეთის მოქალაქეებს მოუწოდა, ელექტროენერგიის გამოყენებას პასუხისმგებლობით მოეკიდონ და უახლოეს დღეებში მოხმარება შეამცირონ. მადიარმა ასევე განაცხადა, რომ მთავრობა სახელმწიფო შენობებში ელექტროენერგიის ხარჯვას შეზღუდავს.

ცნობისთვის, უნგრულმა ენერგეტიკულმა კომპანიამ, MVM-მა განაცხადა, რომ მდინარე დუნაიში წყლის რეკორდულად დაბალი დონის გამო ქვეყნის ერთადერთი ატომური ელექტროსადგურის, „პაკშის“ ყველა ბლოკი 24-72 საათის განმავლობაში შეწყვეტს მუშაობას. ეს გადაწყვეტილება სადგურის არსებობის ისტორიაში პირველად მიიღეს.