კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის რუსეთის ლიდერთან, ვლადიმერ პუტინთან პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის მოსკოვში ჩასვლისკენ მოუწოდა.

როგორც რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა აღნიშნა, კრემლში მზად არიან, განიხილონ ორი ქვეყნის ლიდერების შესაძლო სამიტი, თუმცა შეხვედრის ადგილთან დაკავშირებით მოსკოვის პოზიცია უცვლელია. პესკოვის თქმით, თუ მსგავსი დიალოგი შედგება, ის რუსეთის დედაქალაქში უნდა გაიმართოს.

"თუ უკრაინული მხრიდან არსებობს რეალური პოლიტიკური ნება ორმხრივი ურთიერთობების საკითხების განსახილველად, პრეზიდენტი პუტინი არასდროს თაკილობდა საუბარს. თუმცა, ბუნებრივია, ნებისმიერი ასეთი მაღალი დონის კონტაქტი უნდა მოხდეს მოსკოვში, სადაც მდებარეობს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის რეზიდენცია", — განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

პესკოვმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ კიევის მხრიდან მუდმივად გაჟღერებული ინიციატივები შეხვედრის ნეიტრალურ ტერიტორიაზე ან მესამე ქვეყანაში გამართვის შესახებ, კრემლისთვის მიუღებელია. მისი მტკიცებით, უკრაინულმა მხარემ კარგად იცის რუსეთის მიერ დაწესებული "წესები და პირობები", რის გარეშეც მსგავსი დიალოგის დაწყება პრაქტიკულად, შეუძლებელია.