რუსეთის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ტანკების მიწოდება დასავლეთის ქვეყნებს კონფლიქტის მონაწილეებად აქცევს.
"ევროპის დედაქალაქებიდან და ვაშინგტონიდან მუდმივად ისმის იმის შესახებ, რომ შეიარაღების სისტემების, მათ შორის ტანკების უკრაინისთვის მიწოდება არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს ამ ქვეყნებისა და ალიანსის ჩართვას საბრძოლო მოქმედებებში, რომელიც უკრაინაში მიმდინარეობს. ამას კატეგორიულად არ ვეთანხმებით. მოსკოვში ყველაფერი, რასაც აკეთებენ როგორც ალიანსი, ისე ეს დედაქალაქები, აღიქმება, როგორც უშუალო მონაწილეობა კონფლიქტში. ჩვენ ვხედავთ, რომ ის იზრდება", - თქვა პესკოვმა.
აშშ-მა უკრაინაში ტანკების, კერძოდ, Abrams-ების გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აშშ უკრაინას 31 ტანკს გადასცემს.
გადაწყვეტილებას წინ უძღოდა უკრაინისთვის Leopard-ების გადაცემაზე გერმანიის თანხმობა. კანცლერმა, ოლაფ შოლცმა აღნიშნა, რომ უკრაინას 14 ტანკით დაეხმარება. გარდა ამისა, გერმანია მესამე ქვეყნებს ტანკების გადაცემის ნებას დართავს.