ლიეტუვის პარლამენტის ვიცე-სპიკერი და ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი "ძალიან საბჭოურს" უწოდებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის უარს ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციასთან შეხვედრის თაობაზე. ამის შესახებ მან თბილისში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"ძალიან საბჭოურია. მე შევამჩნიე აღნიშნული ტენდენცია 3–4 წლის წინ. ვინც კი აკრიტიკებდა ქართულ მთავრობას, შეხვედრები აღარ ხდებოდა. მე ბოლო სამი წლის განმავლობაში აქ ხშირად ჩამოვედი, მაგრამ შეხვედრებს ვერ ახერხებდნენ. ერთი მცირე გამონაკლისი იყო შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან. თუ გაკრიტიკებენ, როგორც წესი, აღარ გხვდებიან, ეს არის საბჭოთა მიდგომა", – განაცხადა მან.

ცნობისთვის, მანამდე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციას შეხვედრაზე უარი განუცხადა.