The New York Times წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ირანში, ქალაქ მინაბში, სკოლის დაბომბვაზე პასუხისმგებელი აშშ არის. მედიასთან ამის შესახებ ისაუბრეს ანონიმურმა წყაროებმა, მაღალჩინოსნებმა და გამოძიების წინასწარ ცნობებზე ინფორმაციის მქონე პირებმა.
როგორც NYT წერს, შაჯარაჰი თაუბეჰის სკოლაზე ტომაჰავკის რაკეტით მიტანილი იერიში აშშ-ს შეცდომით დამიზნების შედეგია. დარტყმის სამიზნე იყო სკოლის მიმდებარედ განთავსებული სამხედრო ბაზის ინფრასტრუქტურა. სკოლის შენობა წარსულში ამ სამხედრო ობიექტს ეკუთვნოდა. წყაროებმა NYT-სთან თქვეს, რომ, გამოძიების მიხედვით, აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ სამიზნის კოორდინატები შეარჩია თავდაცვის დაზვერვის სააგენტოს მიერ მიწოდებული ძველი ინფორმაციის მიხედვით.
წყაროები ამბობენ, რომ ეს წინასწარი დასკვნაა და მნიშვნელოვანი კითხვები, მათ შორის ის, თუ რატომ არ გადაამოწმეს ძველი და უკვე შეუსაბამო ინფორმაცია, პასუხგაუცემელია.
"როგორც თავად The New York Times-იც აღნიშნავს საკუთარ მასალაში, გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს." - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა კაროლინ ლივიტმა NYT-ის გავრცელებული ცნობის პასუხად.
გამოძიების შესახებ ინფორმირებულმა პირებმა NYT-თან თქვეს, რომ ჯერ კიდევ ბევრი კითხვა რჩება პასუხგაუცემელი: რატომ იქნა გამოყენებული მოძველებული ინფორმაცია და ვინ ვერ მოახერხა მონაცემების გადამოწმება.
როდესაც ცენტრალურმა სარდლობამ სამიზნეების ინფორმაცია მიიღო, თავდაცვის სადაზვერვო სააგენტოს სკოლის შენობა სამხედრო ობიექტად ჰქონდა მონიშნული, როგორც ამას წყაროები ამბობენ. მათივე ცნობით, გამომძიებლები ჯერჯერობით ვერ არკვევენ, რატომ გაეგზავნა ცენტრალურ სარდლობას მოძველებული ინფორმაცია.
წყაროების ცნობით, თავდაცვის დაზვერვის სააგენტოსა და ცენტრალური სარდლობის გარდა, გამომძიებლები იძიებენ ეროვნული გეოსივრცითი დაზვერვის სააგენტოს (NGA) მუშაობასაც. ეს სააგენტო პოტენციური სამიზნეების სატელიტურ ფოტოებზე მუშაობს.
თუ თავდაცვის დაზვერვის სააგენტოს სამიზნეების მონაცემები ძველია, დაზვერვის ოფიცრებმა, წესით, უნდა გამოიყენონ NGA-ს მონაცემები და განაახლონ ინფორმაცია სამიზნეზე.
NYT-თან წყაროები ასევე ამბობენ, რომ გამოძიების ფარგლებში ამოწმებენ, არის თუ არა მომხდარში დამნაშავე რომელიმე ხელოვნური ინტელექტის მოდელი ან სადაზვერვო ინფორმაციის დამუშავების პროგრამა. თუმცა, ანონიმური მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ ახალი ტექნოლოგიების შეცდომა ნაკლებად სავარაუდოა.








