The New York Times სატელიტურ გამოსახულებებსა და ფრენების მონიტორინგის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ ცენტრალურ იორდანიაში მდებარე მუვაფაკ ალ-სალტის სახელობის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე, რომელსაც აშშ იყენებს, ჩვეულზე დაახლოებით სამჯერ მეტი, 60-ზე მეტი მოიერიშე თვითმფრინავი არის განლაგებული. NYT-ის თანახმად, ეს ბაზა აშშ-ს შეიარაღებული ძალებისთვის ირანზე შესაძლო იერიშის დაგეგმვისთვის "საკვანძო ცენტრად" იქცა. 

გამოცემა ანონიმურ იორდანიელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ ბაზაზე ამერიკული თვითმფრინავები და აღჭურვილობა აშშ-სთან თავდაცვის შეთანხმების ფარგლებში იგზავნება. 

გამოცემა ფრენათა მონიტორინგის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ ბაზაზე გასული კვირის განმავლობაში, სულ მცირე, 68 სატვირთო თვითმფრინავი დაეშვა და აღნიშნავს, რომ ანგრებში შესაძლოა კიდევ უფრო მეტი მოიერიშე თვითმფრინავი იყოს განლაგებული. 

NYT-ის მიხედვით, სატელიტური გამოსახულებები აჩვენებს, რომ ბაზაზე ჩვეულზე უფრო თანამედროვე ავიატექნიკა შეინიშნება, მათ შორის, F-35 ტიპის სტელსის ავიაგამანადგურებლები. ამასთან, გამოცემა წერს, რომ სამხედროებმა ირანული რაკეტებისგან დასაცავად ბაზაზე ახალი საჰაერო თავდაცვის სისტემები განათავსეს.

ცნობისთვის, ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა კვლავ მაღალ დონეზეა იმ ფონზე, როცა ირანის რეჟიმის მხრიდან 28 დეკემბერს დაწყებული ანტისამთავრობო დემონსტრაციების სასტიკი დარბევის შემდეგ აშშ-მ რეგიონში დამატებითი სამხედრო ძალები გაგზავნა.