New York Times-ის ინფორმაციით, აშშ-სთან მზარდი დაძაბულობის ფონზე ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ მოსამზადებელი ზომები მიიღო იმ შემთხვევისთვის, თუ ტრამპის ადმინისტრაცია მის ლიკვიდაციას გადაწყვეტს.

NYT-ის ცნობით, იანვარში, ანტისამთავრობო დემონსტრაციების დროს, ხამენეიმ მისი ახლო მოკავშირე და ირანის უზენაესი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, ალი ლარიჯანი, ქვეყნის დე ფაქტო ლიდერად დანიშნა.

ინტერვიუებსა და ირანელ მაღალჩინოსნებზე, რევოლუციური გვარდიის წევრებსა და ყოფილ დიპლომატებზე დაყრდნობით გამოცემა წერს, რომ მას შემდეგ ლარიჯანი აქციების დარბევას ზედამხედველობდა, განაგებდა აშშ-სთან ბირთვულ მოლაპარაკებებზე დიპლომატიას და ზედამხედველობდა მოკავშირეებთან, მათ შორის, რუსეთთან, კატართან და ომანთან კოორდინაციას. 

ამასთანავე, NYT-ის მიხედვით, აშშ-სგან იერიშის მოლოდინის ფონზე, ლარიჯანი ომისთვის მოსამზადებელ სამუშაოებსაც ხელმძღვანელობს.

ექვსი გავლენიანი ირანელი მაღალჩინოსნისა და ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წევრების თქმით, ხამენეიმ რიგი ბრძანებები გამოსცა, რის ფარგლებშიც მან თითოეული სამხედრო სამეთაურო და სამთავრობო როლებისთვის, რომლებსაც ის თავად ნიშნავს, მემკვიდრეობის ფენები განსაზღვრა.

მან ასევე ლიდერის თანამდებობაზე მყოფ ყველა მაღალჩინოსანს ოთხი შესაძლო ჩამნაცვლებლის დასახელება დაავალა და თავისი პასუხისმგებლობები ნდობით აღჭურვილი პირების ვიწრო წრეს გადასცა, რათა გადაწყვეტილებების მიღება არ შეფერხდეს იმ შემთხვევაში, თუკი მასთან კომუნიკაცია შეუძლებელი იქნება ან აშშ მას მოკლავს.