სამეცნიერო პუბლიკაციებზე დაფუძნებული გლობალური რეიტინგის მიხედვით, ჰარვარდი, ბოლო დრომდე, მსოფლიოში ყველაზე პროდუქტიული კვლევითი უნივერსიტეტი იყო. ეს პოზიცია შესაძლოა შეირყეს, რაც ამერიკულ აკადემიურ წრეებში არსებული შემაშფოთებელი ტენდენციის კიდევ ერთი ნიშანია.

The New York Times-ის ინფორმაციით, ჰარვარდის უნივერსიტეტმა, ცოტა ხნის წინ, რეიტინგში მესამე ადგილზე ჩამოიწია. აღმავალ უნივერსიტეტებს შორის არა ჰარვარდის ამერიკელი კოლეგები, არამედ ჩინური უნივერსიტეტები არიან, რომლებიც სტაბილურად წინაურდებიან რეიტინგებში, რომლებიც ხაზს უსვამენ მათი კვლევის მოცულობასა და ხარისხს.

ეს ცვლილება მოხდა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ამერიკული უნივერსიტეტებისთვის კვლევის დაფინანსების შემცირების ფონზე, რომლებიც დიდწილად ფედერალურ მთავრობაზე არიან დამოკიდებული კვლევის დაფინანსების კუთხით. პრეზიდენტ ტრამპის პოლიტიკამ არ გამოიწვია ამერიკული უნივერსიტეტების შედარებითი კლება, რომელიც წლების წინ დაიწყო, მაგრამ ამან შესაძლოა პროცესი დააჩქაროს.

"დიდი ცვლილებები მოდის, ერთგვარი ახალი მსოფლიო წესრიგი უმაღლეს განათლებასა და კვლევაში გლობალური დომინირების თვალსაზრისით“, - განაცხადა ფილ ბატიმ, Times Higher Education-ის მთავარმა გლობალურმა საქმეთა ოფიცერმა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი უნივერსიტეტების რეიტინგს ადგენს.

პროფესორებისა და ექსპერტების თქმით, ეს ცვლილებები გამოწვევას წარმოადგენს არა მხოლოდ ამერიკული უნივერსიტეტებისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის.

"არსებობს რისკი, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდეს და რეიტინგი პოტენციურად დაეცეს. სიტყვა "დაცემას" დიდი სიფრთხილით ვიყენებ. საქმე იმაში არ არის, რომ ამერიკული უნივერსიტეტები შესამჩნევად უარესდება, ეს უბრალოდ გლობალური კონკურენციაა. სხვა ქვეყნები უფრო სწრაფად პროგრესირებენ“, - განაცხადა ბატიმ.

nytimes-ის ინფორმაციით, 2000-იანი წლების დასაწყისში, სამეცნიერო პუბლიკაციების რაოდენობის მიხედვით შედგენილი გლობალური უნივერსიტეტების რეიტინგი, როგორიცაა სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებული სტატიების რაოდენობა, სრულიად განსხვავებულად გამოიყურებოდა. ტოპ 10-ში შვიდი ამერიკული უნივერსიტეტი ხვდებოდა, ჰარვარდის უნივერსიტეტის ლიდერობით, რომელიც პირველ ადგილზე იყო.

მაშინდელი რეიტინგით, მხოლოდ ერთი ჩინური უნივერსიტეტი, ჟეჟიანგის უნივერსიტეტი ხვდებოდა ტოპ 25-ში.

დღეს, ჟეჟიანგის უნივერსიტეტი ამ სიაში პირველ ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ კიდევ შვიდი ჩინური უნივერსიტეტი რეიტინგის ტოპ 10-ში ხვდება.

თარგმანი: რუსთავი2