ნიუ-იორკის ფედერალური სასამართლოს მოსამართლემ, არუნ სუბრამანიანმა ამერიკელი რეპერისა და პროდიუსერის, შონ "დიდი" ქომბსის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებაზე უარი განაცხადა.

მედიის ცნობით, მოსამართლემ მკაფიო და დამაჯერებელი მტკიცებულებების საფუძველზე დაადგინა, რომ შონ ქომბსი პოტენციურად საშიშია და ვერანაირი პირობები გონივრულად ვერ უზრუნველყოფს საზოგადოების უსაფრთხოებას. ეს უკვე მეოთხე შემთხვევაა, როდესაც რეპერს გირაოზე სასამართლომ უარი უთხრა.

მოსამართლე არუნ სუბრამანიანმა მიიჩნია, რომ არსებობს დამაჯერებელი მტკიცებულება ქომბსის ძალადობისკენ მიდრეკილების შესახებ. ამის ერთ-ერთ მაგალითად მან CNN-ის მიერ მოპოვებული ვიდეო დაასახელა, სადაც 2016 წელს ერთ-ერთ სასტუმროში რეპერის მხრიდან მის მეგობარ ქალზე, კასი ვენტურაზე ფიზიკური ძალადობა ჩანს.

დაცვის მხარე ითხოვდა შონ ქომბსისთვის 50 მილიონის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ სამოთახიან ბინაში შინაპატიმრობას 24-საათიანი დაცვით, ვიზიტორების მიღებისა და კომუნიკაციის შეზღუდვით. თუმცა, პროკურორების მოსაზრებით, არ არსებობს პირობები, რომლებიც შეამცირებდა ქომბსის მიერ თვითმხილველებზე გავლენის მოხდენის რისკს და რეპერის ნდობა არ შეიძლება.

ცნობისთვის, შონ ქომბსი ბრუკლინის ციხეში სექსუალურ ტრეფიკინგში ბრალდებების საფუძველზეა დაპატიმრებული. პროკურატურის მტკიცებით, ქომბსი იყენებდა თავის ბიზნესიმპერიას, მათ შორის, ხმის ჩამწერ კომპანია Bad Boy Entertainment-ს ქალებისა და კაცების ტრეფიკინგისთვის, რათა მათ მონაწილეობა მიიღოთ დახურულ წვეულებებში, სადაც სექსუალური წარმოდგენები იმართებდა. შონ ქომბსის სასამართლო პროცესი ხუთი მაისისთვის არის დაგეგმილი. თავად 55 წლის რეპერი ყველა ბრალდებას უარყოფს, ხოლო მისი ადვოკატები აცხადებენ, რომ ბრალდების მხარის მიერ აღწერილი სექსუალური ქმედებები ნებაყოფლობითი იყო.