რუსმა კოლეგებმა ვერ შეძლეს, წარმოედგინათ მაგალითი, როგორ დაზიანდა მათი ინტერესები ევროკავშირთან სომხეთის თანამშრომლობის გამო, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, რუსეთში მისი ვიზიტის დროს რუსეთის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა თქვა, რომ სომხეთის ევროკავშირთან ურთიერთობა რუსეთის ინტერესებს დააზიანებს, თუმცა კონკრეტული მაგალითი ვერავინ მოიყვანა.

ფაშინიანის მტკიცებით, არჩევნების მონაწილეები და დამკვირვებლები, მათ შორის სომხეთის ფარგლებს გარეთ მყოფი პირები, ცდილობენ, ამ არჩევნებს გეოპოლიტიკური კონტექსტი ან ქვეტექსტი მიაწერონ, მაგრამ ამ არჩევნებს არ შეიძლება, ჰქონდეს გეოპოლიტიკური კონტექსტი ან ქვეტექსტი, რადგან სომხეთი დაბალანსებულ პოლიტიკას ატარებს.

„ჩვენს პოლიტიკაში არ არსებობს შეთქმულება, არავის წინააღმდეგ არანაირი ქმედება. ჩვენთვის ნათელია, რომ სომხეთს და მის ხალხს ყოველთვის უნდა ჰქონდეთ ალტერნატივები. არსებობს ევროკავშირი და ევრაზიული ეკონომიკური კავშირი, ჩვენს ხალხს უნდა ჰქონდეს ალტერნატივა და შესაძლებლობა, გადაწყვიტოს, რომელი სტრატეგიაა მათთვის ყველაზე პერსპექტიული და სასარგებლო. არ არსებობს უკმაყოფილების ან დავების მიზეზი. ჩვენ არ ჩავერთვებით დავებში“, – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.

ფაშინიანის განცხადებით, სომხეთმა თქვა, რომ ის არ შეუერთდება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმს, მაგრამ არ გადადგამს არანაირ ნაბიჯს, რომ თავად აღმოჩნდეს სანქციების ქვეშ.

„ჩვენ ეს ნათლად განვუცხადეთ ჩვენს კოლეგებს როგორც რუსეთიდან, ასევე ევროკავშირიდან. ჩვენ არ გვინდა რუსეთისთვის ზიანის მიყენება, მაგრამ თუ ვიგრძნობთ, რომ რაიმე ქმედების განხორციელების შემთხვევაში სანქციებს დავექვემდებარებით, ჩვენ ამას არ გავაკეთებთ. ევროკავშირს ეჭვი ჰქონდა, რომ ჩვენ ანტირუსულ სანქციებს გვერდს ვუვლიდით, თუმცა ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ ამას არ ვაკეთებთ“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

თარგმანი: პირველი არხი