შიდა ქართლსა და კახეთში სამი ახალი აგრომეტეოროლოგიური სადგური დამონტაჟდა - კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრეთსა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუკუზანში. ახალი სადგურების დამატებით, აგრომეტეოროლოგიური მონიტორინგის ქსელი ქვეყნის მასშტაბით 53 სადგურს გააერთიანებს.
სადგურები თანამედროვე ტექნოლოგიების, მათ შორის, 3D პრინტერით დამზადებული კომპონენტების გამოყენებით არის აწყობილი.
„ეს საპილოტე ეტაპია და ჩვენი მიზანია, სამომავლოდ აგრომეტეოროლოგიური სადგურების ქსელი კიდევ უფრო გაფართოვდეს და მეტი ტერიტორია მოიცვას. ფერმერისთვის ადგილობრივი ამინდისა და კლიმატური ინფორმაციის ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვანია, რათა მან სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები დროულად და სწორად დაგეგმოს, რესურსები ეფექტიანად გამოიყენოს და არასაჭირო დანახარჯები შეამციროს“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეხილეობის კვლევის სამსახურის უფროსმა ზვიად ბობოქაშვილმა.
სამუშაოები პროექტის „მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების სისტემის გაფართოება და კლიმატთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოყენება საქართველოში“ ფარგლებში მიმდინარეობს, რომელსაც კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) მხარდაჭერით გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ერთობლივად ახორციელებენ.
სადგურების მონტაჟში ქართველ სპეციალისტებთან ერთად მონაწილეობდნენ სეულის ეროვნული უნივერსიტეტის ექსპერტები ჯუნგსონ პარკი და კიმ გუჰნა.
პროექტის ფარგლებში ფერმერებთან შეხვედრები და საველე ტრენინგებიც გაიმართა. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია აგრომეტეოროლოგიური მონაცემების გამოყენებისა და მათი გათვალისწინებით სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დაგეგმვის შესახებ.
აგრომეტეოროლოგიური სადგურებიდან მიღებული მონაცემები ვაზის, ატმის, ვაშლის, ხორბლისა და სიმინდის კულტურებში მავნებლებისა და დაავადებების რისკების შესაფასებლად გამოიყენება.
აგრომეტეოროლოგიური სადგურების ქსელის გაფართოება ახალი კლიმატგონივრული ციფრული პლატფორმის - GECSA-ს ფარგლებში ხორციელდება.









