სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს პროცესი ქვეყნისთვის ისტორიული მნიშვნელობის იქნება. მისი თქმით, ევროინტეგრაცია არ არის მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება, არამედ მიზანმიმართული ნაბიჯი სომხეთის მოქალაქეების ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად.

ფაშინიანის განცხადებით, ევროკავშირში გაწევრიანება სომხეთისთვის უდიდესი მიღწევა იქნება, რაც ქვეყანას ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის.

პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ პროცესის მთავარი მოტივაცია და მიზანი სომხეთის მოსახლეობის ინტერესების დაცვა და მათი ცხოვრების დონის ამაღლებაა.

ნიკოლ ფაშინიანის თქმით, მთავრობა აგრძელებს მუშაობას იმ რეფორმებზე, რომლებიც ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას შეუწყობს ხელს, რათა ქვეყანამ დააკმაყოფილოს ის მოთხოვნები, რაც გაწევრიანების პროცესისთვის არის აუცილებელი.

სომხეთის ხელისუფლების ეს პოზიცია რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს. პრემიერი ხაზს უსვამს, რომ ქვეყნის არჩევანი გამჭვირვალეა და ის სრულად არის დაფუძნებული მოქალაქეების მომავალზე ზრუნვაზე.