ლაშა ბექაურმა ინტერვიუში თქვა, ერთი ფეხი სულ რომ არ მქონოდა, მაინც ვიბრძოლებდიო.
რა იძლევა ასეთ განწყობას, გაბედულებასა და ძალას? რა და - აღზრდა, სულის სიმაღლე და სამშობლოს წინაშე პასუხისმგებლობა, რასაც ვერაფერი ამცირებს, - ამის შესახებ ფილოლოგიის დოქტორი,  გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს.

„ის, რაც დღეს ლაშა ბექაურმა გააკეთა, უბრალოდ სიტყვებით ვერ შეფასდება - ნებისმიერი ბუნებით ქართველი ამ საქციელთან დიდ თანაზიარობას გრძნობს.
ეს გულში ღმერთის, სამშობლოსა და მოყვასის ერთად შეგრძნებაა.
მძიმე ტრავმის მიუხედავად (ცალ ფეხს ტატამს  ძლივსღა რომ ადგამდა) ჩვენმა ძიუდოისტმა ორჯერ დაამარცხა მოწინააღმდეგე და საქართველოს გამარჯვების შესაძლებლობა შეუნარჩუნა.
შემდეგ ინტერვიუში თქვა, ერთი ფეხი სულ რომ არ მქონოდა, მაინც ვიბრძოლებდიო.
რა იძლევა ასეთ განწყობას, გაბედულებასა და ძალას?
რა და - აღზრდა, სულის სიმაღლე და სამშობლოს წინაშე პასუხისმგებლობა, რასაც ვერაფერი ამცირებს.
ზოგიერთებმა ჩვენი საამაყო სპორტსმენის საქციელისა და წარმატების დაკნინება სცადეს - მისი გამარჯვება არ გვიხარიაო.
მათ პასუხი უკვე მთელმა საქართველომ გასცა.
ასეთები ზნეობის, სიყვარულისა და ვაჟკაცობის სიმაღლეს ვერც ხედავენ და ვერც გრძნობენ.
ნამდვილი ქართველები ამას არ აფასებენ.
მარტო აქ დაბადება საკმარისი არ არის - სამშობლოს სისხლის ყოველი წვეთით ატარებენ.
პატრიოტობა საქციელია“, - წერს გია მურღულია.

შეგახსენებთ, რომ ბაქოში, მსოფლიოს ჩემპიონატზე ლაშა ბექაურმა ფრანგ ალექსა მიტროვიჩთან შეხვედრისას ფეხის ტრავმა მიიღო. ტრავმის მიუხედავად ბექაურმა მიტროვიჩი ორჯერ დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ბრინჯაოს მედლი მოპოვების შანსი დაუტოვა.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა