ისრაელის პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-თან ინტერვიუში დაადასტურა ცნობა, რომ ისრაელმა თეირანში ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) დაზვერვითი ორგანიზაციის უფროსსა და მის მოადგილეზე იერიში მიიტანა.
მანამდე, ახალი ამბების ვებგვერდმა Iran International-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ IRGC-ის დაზვერვითი ორგანიზაციის უფროსი, მოჰამად ქაზემი და მისი მოადგილე ნანგრევებში არიან მოყოლილნი მას შემდეგ, რაც ისრაელმა თეირანში ორგანიზაციის შენობაზე იერიში მიიტანა. მედიის მიხედვით, მათი მდგომარეობა "გაურკვეველი" იყო.
"შემიძლია ასევე გითხრათ, რომ ცოტა ხნის წინ ჩვენ ასევე დავარტყით დაზვერვის მეთაურსა და მის მოადგილეს თეირანში, რადგან ახლა თეირანის თავზე ვიმყოფებით, ჩვენი პილოტები თეირანის ცაში არიან და მიზანში ვიღებთ სამხედრო და ბირთვულ ობიექტებს ირანელებისგან განსხვავებით - ისინი ჩვენს მშვიდობიან მოსახლეობას იღებენ მიზანში, ჩვენს მოქალაქეებს ბომბავენ". - თქვა ნეთანიაჰუმ ინტერვიუში.