17 მაისის ღამეს მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე დრონებით შეტევა განხორციელდა. ადგილობრივი მცხოვრებლები აფეთქებების სერიასა და რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების აქტიურ მუშაობაზე იუწყებიან.
რუსული და უკრაინული მედიის ინფორმაციით, აფეთქებების ხმა ისმოდა როგორც მოსკოვში, ისე მოსკოვის ოლქის ქალაქებში.
სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, როგორ მიემართება რამდენიმე დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატი მოსკოვის ოლქის მიმართულებით.
გავრცელებული ცნობებით, ხანძარი გაჩნდა ტექნოპარკ "ელმას" ტერიტორიაზე. მედიის ინფორმაციით, შეტევის სამიზნე შესაძლოა მოსკოვის ნავთობგადასამუშავებელი ქარხანაც ყოფილიყო.
მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, რუსულმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა მოსკოვის მიმართულებით მოძრავი 114-ე უპილოტო აპარატი გაანადგურეს. მისი თქმით, წინასწარი მონაცემებით, დაშავებულები არ არიან.
უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, დროებით შეზღუდვები დაწესდა მოსკოვის აეროპორტებში - ვნუკოვოში, დომოდედოვოში, ჟუკოვსკისა და შერემეტიევოს აეროპორტებში.








