ასეთი სათაურით აქვეყნებს "შტერნი" გერნოტ კრამერის სტატიას, რომელშიც ავტორი იმიგრაციის პრობლემებს ეხება.
გაეროს მონაცემების თანახმად, 2018 წელს ხმელთაშუა ზღვა 2200 ლტოლვილი დაიხრჩო. დაღუპულთაგან ბევრის პირად მონაცემებზე არაფერია ცნობილი, მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას: მათ შორის მდიდარი ადამიანები არ იქნებიან, - წერს ავტორი. ბევრ ქვეყანაში იმიგრაციის საკითხები მწვავე განსჯის საგანია. ხშირად მალავენ, რომ ბანაკები, კედლები და დეპორტაცია მხოლოდ ღარიბებისთვისაა განკუთვნილი. თუ თქვენ ფული გაქვთ, არ დაგჭირდებათ მექსიკის უდაბნოში წანწალი, ევროკავშირის კედლის გადალახვა სეუტში (ესპანეთის მცირე ანკლავი ჩრდილო აფრიკაში, გიბრალტარის მოპირდაპირე მხარეს -"აიპრესი") ან ნავით ხმელთაშუა ზღვის გადაცურვა. სიკვდილის გზები უპოვართათვისაა, მდიდრებს შეუძლიათ კანონიერად იყიდონ ან პასპორტი, ან ქვეყანაში ბინადრობის უფლება. კონსალტინგური კომპანიები - Henley&Partners, CS Global და Apex, რომლებიც პასპორტების და ვიზების მოპოვებაში სპეციალიზირდებიან, აცხადებენ, რომ მათი კლიენტების მხოლოდ მცირე ნაწილი გადადის საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში, უმეტესობისთვის კი მეორე მოქალაქეობა თავისებური სადაზღვევო პოლისია. იმ ადამიანებს, რომლებიც ისეთ ქვეყნებში ცხოვრობენ, სადაც სამოქალაქო უფლებები ნაკლებადაა პრიორიტეტული, მეორე მოქალაქეობა უფლებრივ რწმენას მატებს. მათ, ვისაც თავის ქვეყანაში კრიზისების შიში აქვთ, მეორე მოქალაქეობა საშუალებას აძლევს წავიდეს ემიგრაციაში. ასე რომ, ასკვნის ავტორი, მოთხოვნა არის და ბევრი ქვეყანა ყიდის მოქალაქეობას. ჩვეულებრივ ეს ხდება არა სასყიდლით, არამედ საინვესტიციო კაპიტალის ქვეყანაში მოზიდვის პროგრამით. ნებისმიერი, ვინც ახდენს ინვესტირებას უძრავ ქონებაში, სოფლის მეურნეობაში ან სტრუქტურულად სუსტ რეგიონებში, ჯილდოვდება ბინადრობის უფლებით. რეალურ პასპორტზე რანგით დაბალ საფეხურია ე.წ. "ოქროს ვიზა" - აშშს-ის მწვანე ბარათის ანალოგი. თუმცა მას ნაკლოვანებებიც აქვს. რეალური მოქალაქეობისგან განსხვავებით ეს "ოქროს ვიზა" შეიძლება გაუქმდეს. პასპორტების კონსალტინგური ფირმის ხელმძღვანელის, ნური კატცის თქმით, უმეტესობა შეძლებული ადამიანისთვის მეორე და მესამე პასპორტის ქონა და მეგობრებისთვის მისი ჩვენება, სტატუსის სიმბოლოა, მსგავსად მოდური ავტომობილის ყიდვისა. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ აშშ-ში არა რეალური მოქალაქეობა, არამედ მწვანე ბარათი - მუდმივი ბინადრობის და აშშ-ში მუშაობის უფლება შეილება მიიღოთ იმ შემთხვევაში, თუ გარკვეულ დარგში 500 ათას დოლარს ჩადებთ. მოგება არ იქნება დიდი, თუმცა ფული არ გეკარგებათ. კარიბის მინი-სახელმწიფოებში ბინადრობის უფლება 100 ათასი ევროდან იწყება, თუმცა საგადასახადო ოაზისში ცხოვრების უფლების გარდა ასეთი დოკუმენტი არაფრის მომცემია. ბევრად პოპულარულია ევროკავშირის ქვეყნების პასპორტი. ავსტრიაში ეს შესაძლებელია, მაგრამ ხარჯები ძალზედ დიდია. თავისუფალი და ხელსაყრელი პრაქტიკაა კვიპროსში და მალტაში და ეს რეგულარულად იწვევს პრობლემებს ევროკავშირში, რადგან რუსები იაფ შენაძენთან ერთად ევროპასპორტების მფლობელები ხდებიან. მიახლოებითი ფასები და ქვეყნების არასრული ჩამონათვალი ასე გამოიყურება: კვიპროსი - 1 500 000 ევრო მალტა - 880 000 ევრო ბულგარეთი - 500 000 ევრო თურქეთი - 850 000 ევრო მოლდოვა - 250 000 ევრო სენტ-კიტსი და ნევისი - 130 000 ევრო ანტიგუა და ბარბუდა - 100 000 ევრო მუდმივი ბინადრობის უფლება, რაც აშშ-ის მწვანე ბარათის ტოლფასია, ევროკავშირის მრავალ ქვეყანაშია ხელმისაწვდომი. ასეთი უფლება ლატვიაში 65 ათასი ევრო ღირს, საბერძნეთში 250 ათასი ევრო და ესპანეთში 500 ათასი ევრო. ბევრად უფრო ძვირია მუდმივი ბინადრობის უფლება სასურველ ქვეყნებში: ავსტრალია 1,3 მლნ ევროს ითხოვს, ახალი ზელანდია 1,7 მლნ ევროს, ხოლო დიდი ბრიტანეთი კი - 2,25 მლნ ევროს. ავტორის თქმით, გერმანიაში ასეთი ნიხრები არ არსებობს, მაგრამ მას, ვინც აქ აბანდებს, მუდმივი ბინადრობის უფლება ბინადრობის შესახებ კანონის §21-ის შესაბამისად შეუძლიათ.