ბოლო მონაცემებით, სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთსა და ჩრდილოეთ სირიაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1900-მდე გაიზარდა. თურქეთში მომხდარი მიწისძვრის მსხვერპლი 1 121 ადამიანი გახდა, 7 ათასზე მეტი დაშავდა, იტყობინება სამოქალაქო დაცვის დეპარტამენტი AFAD ორშაბათს, 6 თებერვალს.
სირიაში დაღუპულთა რიცხვმა 780-ს გადააჭარბა, 2 200-ზე მეტი დაშავდა, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ აჰმედ დამირჯემ. მხოლოდ სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში ათასობით შენობა განადგურდა.
AFAD-ის ცნობით, თურქეთის პროვინცია კაჰრამანმარაში, სირიის საზღვართან, 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ადგილობრივი დროით დილის 4 საათზე დაფიქსირდა. 6,6 მაგნიტუდის სიმძლავრის კიდევ ერთი მიწისძვრა დაფიქსირდა გაზიანთეპის პროვინციაში ცოტა ხნის შემდეგ. ბიძგები ნახევარი საათის განმავლობაში იგრძნობოდა სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის დედაქალაქ ანკარაში, ადანაში, ნევშეჰირში, გაზიანთეპში, კაისერში, მერსინში, ჰატაიში. ტელეარხ Al Arabiya-ს ცნობით, მიწისძვრა იგრძნობოდა ერაყისა და ლიბანის ზოგიერთ რეგიონში. გარდა ამისა, ბიძგები შესამჩნევი იყო ისრაელში.
მოგვიანებით, რამდენიმე ათეული შემდგომი ბიძგი მოხდა, მათგან ყველაზე ძლიერი იყო 7,7 მაგნიტუდა სიმძლავრის. მეორე ძლიერი დარტყმის ეპიცენტრი მდებარეობდა ქალაქ ელბისტანიდან შვიდ კილომეტრში, კაჰრამანმარაშის პროვინციაში.
ბიძგები იგრძნობოდა თურქეთის რამდენიმე რეგიონში: ადანაში, ანკარაში, ანტალიაში, გაზიანთეპში, კაისერიში, მერსინში, ტრაპიზონში, შანლიურფაში - ასევე სირიაში, ლიბანში, ერაყში, ეგვიპტეში, საბერძნეთში, კვიპროსში, სომხეთსა და ისრაელში. იტალიამ თურქეთში მიწისძვრის შემდეგ ცუნამის საშიშროება გამოაცხადა, თუმცა მალევე შეტყობინება გაუქმდა.
თურქეთის ხელისუფლებამ განგაშის უმაღლესი დონე გამოაცხადა. "ქვეყანაში გამოცხადდა სიფრთხილის უმაღლესი დონე. საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტთან ერთად რეგიონებში მაშველები გავაგზავნეთ", - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ.