საქართველოს მთავრობას ჯერ კიდევ აქვს დრო, შეცვალოს ტრაექტორია, რომელსაც მისდევს. ეს მხოლოდ კანონს არ ეხება, რომელიც მათ მიიღეს. ეს ასევე ეხება იმ განცხადებებს, რომლებიც მათმა ლიდერებმა გააკეთეს, რომლებითაც ისინი უარყოფენ გეზს, რომელზედაც საქართველო ამდენი ხნის განმავლობაში იდგა. ასე რომ, ჯერ კიდევ არის დრო შემოტრიალებისთვის. ჩვენი პოლიტიკა იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ პოლიტიკას გაატარებს საქართველო" - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

დღეს ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს, რომ დავაწესოთ სავიზო შეზღუდვები საქართველოს ათობით მოქალაქის მიმართ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მეთიუ მილერის თქმით ამერიკა სავიზო შეზღუდვებს აწესებს საქართველოს ათობით მოქალაქის მიმართ, პირველი პაკეტი მოიცავს „ქართული ოცნების“ წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცველებსა და კერძო პირებს.

„აშშ კვლავაც ღრმადაა შეშფოთებული „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიული ქმედებებით, ასევე მათი ბოლო განცხადებებითა და რიტორიკით. ეს ქმედებები აჩენს საფრთხეს საქართველოს ევროპული მომავლისთვის, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციასა და ქართველი ხალხის სურვილებს. სახელმწიფო მდივანმა ახლახან გამოაცხადა საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობის ძირეული გადახედვის შესახებ. ამ პროცესის ფარგლებში, სახელმწიფო დეპარტამენტმა მოახდინა ახალი სავიზო შეზღუდვების პოლიტიკის იმპლემენტაცია, რაც მიმართულია ჩემ მიერ ნახსენები ქმედებების გადასაჭრელად. დღეს ამ პოლიტიკის ფარგლებში ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს, რომ დავაწესოთ სავიზო შეზღუდვები საქართველოს ათობით მოქალაქის მიმართ. მათ შორის იმ ინდივიდების წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია ან არის თანამონაწილე, ან არის მათი ოჯახის წევრები, ვინც არის პასუხისმგებელი, ან თანამონაწილე საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე. მათ შორის პასუხისმგებელია შეკრების თავისუფლებისთვის ძირის გამოთხრისთვის, მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობრივ თავდასხმებზე, სამოქალაქო საზოგადოების დაშინებაზე, დეზინფორმაციის განზრახ გავრცელებაზე. სავიზო შეზღუდვების ეს პირველი პაკეტი მოიცავს „ქართული ოცნების“ წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცველებსა და კერძო პირებს. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს ლიდერები გადახედავენ მათ ქმედებებს და გადადგამენ ნაბიჯებს, რათა წინ წასწიონ მათი ქვეყნის დიდი ხნის, დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფება. მაგრამ თუ ასე არ მოხდება, აშშ მზადაა, გაატაროს დამატებითი ქმედებები.

მე ვერ დაგისახელებთ სპეციფიკურ სახელებს. ვიზების ჩანაწერები კონფიდენციალურია. მაგრამ როგორც ვთქვი, ჩვენ ისინი შევარჩიეთ იმ ადამიანებისგან, ვისი ქმედებებიც მიმართული იყო დეზინფორმაციის გავრცელებისკენ, ვისი ქმედებებიც ძირს უთხრის დემოკრატიას, ვინც ძალადობრივად ესხმოდა თავს მშვიდობიან დემონსტრანტებს და აშინებდა სამოქალაქო საზოგადოებას. როგორც უკვე ვთქვი, ეს არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი ჩვენს სერიოზულ ქმედებებს შორის. აქვე ვიტყვი, რომ ის ნაბიჯები, რომელთაც ვამზადებთ დამატებით, მაინცდამაინც სავიზო შეზღუდვებთან არ იქნება დაკავშირებული. ჩვენ ვთქვით, რომ ძირეულ გადახედვას ვახდენთ ჩვენი ურთიერთობისა საქართველოს მთავრობასთან“, – აღნიშნა მეთიუ მილერმა.

თარგმანი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი.