რუსეთის ქმედებებმა დაადასტურა, რომ ის  უსაფრთხოების სფეროში ვერ იქნება სანდო პარტნიორი. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მეთიუ მილერმა განაცხადა. ამით, იგი გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან სომხეთის პრემიერ-მინისტრის მისამართით გამოთქმულ კრიტიკას.

„რუსეთის, როგორც საერთაშორისო პარტნიორის ნდობა არ შეიძლება. რაც შეეხება რუსეთის მიერ სხვა ქვეყნების საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიებისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას, ჩვენ უკვე დავინახეთ მისივე ქმედებებიდან გამომდინარე, რომ ეს არ არის პრინციპი, რომელსაც ის იცავს“, - განაცხადა მეთიუ მილერმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც აღნიშნავს: „ფაშინიანის ბოლო სენტენციები ადასტურებს ჩვენს ადრინდელ დასკვნებს იმის შესახებ, რომ დასავლეთის მიერ ინსპირირებული და ოფიციალური ერევნის მიერ წახალისებული, საკუთარი ქვეყნისთვის და ჩვენი მოკავშირული ურთიერთობებისთვის დესტრუქციული პროცესები, ატარებს არა ეპიზოდურ, არამედ სისტემურ ხასიათს. ფაშინიანმა არსებითად დაადასტურა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში სომხეთის რესპუბლიკას გაცნობიერებულად ამზადებდნენ რუსეთისთვის ზურგის შესაქცევად“.