EU-ში უნგრეთისა და სლოვაკეთის მთავრობების გარდა მოკავშირეები აღარ ჰყავთ! სირცხვილი ირაკლი კობახიძეს!, - ასე ეხმაურება ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელშიც ის მადლობას უხდის 5 ქვეყანას - სლოვაკეთს, იტალიას, ესპანეთს და რუმინეთს, რომელთაც მისი თქმით, მხარი არ დაუჭირეს სანქციებს.

"უარესდება და უარესდება მდგომარეობა!

ქართული რეჟიმი ყველა მზაკვრულ საშუალებას იყენებს ხელისუფლებაში დასარჩენად. ტყუილებს ავრცელებენ და მოსახლეობის მანიპულირებას ცდილობენ. ევროკავშირში უნგრეთისა და სლოვაკეთის მთავრობების გარდა მოკავშირეები აღარ ჰყავთ! სირცხვილი ირაკლი კობახიძეს!," — წერს მიხაილ როთი.

ცნობისთვის, 17 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 16 დეკემბერს ევროკავშირის საბჭოზე ხუთმა ქვეყანამ ქართველი ხალხის ინტერესები დაიცვა:

"მინდა მადლობა გადავუხადო ხუთ კონკრეტულ ქვეყანას, რომლებმაც ქართველი ხალხის მხარდამჭერი პოზიცია დააფიქსირეს ევროკავშირის საბჭოზე. ესენი არიან უნგრეთი, სლოვაკეთი, იტალია, ესპანეთი და რუმინეთი. მათ დაიცვეს ქართველი ხალხის ინტერესები ევროკავშირის საბჭოზე".

ირაკლი კობახიძის განცხადებას კი, საპასუხოდ, სამი ქვეყნის: რუმინეთის, იტალიისა და ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების განცხადებები მოჰყვა.

ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ირაკლი კობახიძეს ეხმიანება და მის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას დეზინფორმაციის გავრცელებას უწოდებს.

"ესპანეთმა ძალიან მკაფიოდ გამოხატა თავისი სერიოზული შეშფოთება საქართველოში სამოქალაქო უფლებებთან და სავარაუდო დეზინფორმაციულ კამპანიებთან დაკავშირებით. ჩვენ სრულად დავუჭირეთ მხარი საბჭოს მიერ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებებს. დეზინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ყოველთვის ვეწინააღმდეგებით, არის საფრთხე ჩვენი დემოკრატიებისთვის", – ნათქვამია ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ირაკლი კობახიძის გუშინდელ განცხადებას იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროც ეხმიანება და აღნიშნავს, რომ 16 დეკემბერს ევროკავშირის საბჭოზე "იტალიამ მხარი დაუჭირა კაია კალასის მიერ შეთავაზებულ ზომებს, მათ შორის სანქციების წინადადებას".

საქართველოს ხელისუფლება არაზუსტ ინტერპრეტირებაში რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც დაადანაშაულა.

"ღრმად ვარ იმედგაცრუებული ევროკავშირის დონეზე გამართული შიდა დისკუსიების არაზუსტად წარმოჩენის გადაწყვეტილებით. ვისარგებლებთ შემთხვევით და კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას ევროკავშირში გაწევრიანების დიალოგთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების და ქართველი ხალხის კანონიერი პროტესტის ძალადობრივი გზით რეპრესირების გამო", – ნათქვამია რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.