იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ირაკლი კობახიძის გუშინდელ განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ 16 დეკემბერს ევროკავშირის საბჭოზე "იტალიამ მხარი დაუჭირა კაია კალასის მიერ შეთავაზებულ ზომებს, მათ შორის სანქციების წინადადებას".

"საქართველოში არსებული ვითარების შესახებ საგარეო საქმეთა საბჭოს დისკუსიის დროს, იტალიამ კიდევ ერთხელ გამოხატა ძალადობის ნებისმიერ ფორმაზე კატეგორიული დაგმობის პოზიცია, რაც ბოლო კვირების განმავლობაში ქვეყანაში დაფიქსირდა. ამასთან, იტალიამ მხარი დაუჭირა კაია კალასის მიერ შეთავაზებულ ზომებს, მათ შორის სანქციების წინადადებას [დაიბლოკა წევრ ქვეყნებს შორის კონსენსუსის ვერ მიღწევის გამო].

ჩვენი ქვეყანა ასევე შეუერთდა კონსენსუსს დიპლომატიური ვიზების გამარტივების შესახებ შეთანხმების შეჩერების წინადადებაზე, რომელიც დამტკიცდა.

საბოლოოდ, იტალიამ გაიმეორა, რომ ევროკავშირი უნდა დარჩეს ქართველი ხალხის გვერდით და გამოთქვა იმედი, რომ თბილისის უახლესი გადაწყვეტილებები, რომლებიც დასრულდა მისი ევროპული გზის შეჩერებით, გადაიხედება", -  ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 16 დეკემბერს ევროკავშირის საბჭოზე ხუთმა ქვეყანამ ქართველი ხალხის ინტერესები დაიცვა:

"მინდა მადლობა გადავუხადო ხუთ კონკრეტულ ქვეყანას, რომლებმაც ქართველი ხალხის მხარდამჭერი პოზიცია დააფიქსირეს ევროკავშირის საბჭოზე. ესენი არიან უნგრეთი, სლოვაკეთი, იტალია, ესპანეთი და რუმინეთი. მათ დაიცვეს ქართველი ხალხის ინტერესები ევროკავშირის საბჭოზე".