ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ირაკლი კობახიძეს ეხმიანება და მის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას დეზინფორმაციის გავრცელებას უწოდებს.
"ესპანეთმა ძალიან მკაფიოდ გამოხატა თავისი სერიოზული შეშფოთება საქართველოში სამოქალაქო უფლებებთან და სავარაუდო დეზინფორმაციულ კამპანიებთან დაკავშირებით. ჩვენ სრულად დავუჭირეთ მხარი საბჭოს მიერ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებებს. დეზინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ყოველთვის ვეწინააღმდეგებით, არის საფრთხე ჩვენი დემოკრატიებისთვის", – ნათქვამია ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
Spain has been very clear expressing its grave concern about civil rights in Georgia and about alleged disinformation campaigns. We have fully supported the decisions adopted yesterday by the FAC. Disinformation is a threat to our democracies that we will always oppose. https://t.co/FLblWqmRuv
— Spain MFA (@SpainMFA) December 17, 2024
ცნობისთვის, გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 16 დეკემბერს ევროკავშირის საბჭოზე ხუთმა ქვეყანამ ქართველი ხალხის ინტერესები დაიცვა:
"მინდა მადლობა გადავუხადო ხუთ კონკრეტულ ქვეყანას, რომლებმაც ქართველი ხალხის მხარდამჭერი პოზიცია დააფიქსირეს ევროკავშირის საბჭოზე. ესენი არიან უნგრეთი, სლოვაკეთი, იტალია, ესპანეთი და რუმინეთი. მათ დაიცვეს ქართველი ხალხის ინტერესები ევროკავშირის საბჭოზე".