2027 წელს MICHELIN-ის გზამკვლევი პირველად მოიცავს რესტორნებს მთელი თურქეთის მასშტაბით. აქამდე გზამკვლევი მხოლოდ ცალკეულ ქალაქებსა და რეგიონებს მოიცავდა. ქვეყნის მასშტაბით გაფართოება თურქეთის სხვადასხვა კუთხის კულინარიული ტრადიციებისა და გამორჩეული რესტორნების უკეთ წარმოჩენას შეუწყობს ხელს. ახალი შერჩევის შედეგები 3 დეკემბერს, სტამბოლში გამართულ ცერემონიაზე გახდება ცნობილი.

MICHELIN-ის ინსპექტორები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მოგზაურობას განაგრძობენ და როგორც ტრადიციულ, ისე ახალ, გამორჩეულ რესტორნებს ეცნობიან ეტაპობრივად.ღონისძიებაზე ეროვნული შერჩევის მონაწილე რესტორნებთან ერთად, განსაკუთრებული სტუმარმასპინძლობისა და კულინარიული მიღწევებისთვის სპეციალური ჯილდოების მფლობელებსაც გამოავლენენ.

MICHELIN-ის გზამკვლევი თურქეთში 2022 წელს, თავდაპირველად სტამბოლში გამოჩნდა, მოგვიანებით კი იზმირის, მუღლასა და კაპადოკიის მიმართულებებით გაფართოვდა. ახალი ეროვნული შერჩევა მნიშვნელოვანი ეტაპია, რომელიც თურქეთის მდიდარი კულინარიული ტრადიციებისა და თანამედროვე გასტრონომიული მრავალფეროვნების წარმოჩენას ისახავს მიზნად.

„თურქეთის კულინარიული მრავალფეროვნება და სიმდიდრე თავიდანვე დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა ჩვენზე. რეგიონული ტრადიციებიდან თანამედროვე გასტრონომიულ გამოცდილებამდე, ქვეყანა განსაკუთრებული მრავალფეროვნებითა და შემოქმედებითობით გამოირჩევა. პირველი ეროვნული შერჩევა მოგზაურებს თურქეთის, როგორც წამყვანი გასტრონომიული მიმართულების, უკეთ გაცნობის შესაძლებლობას მისცემს“, - განაცხადა MICHELIN-ის გზამკვლევის საერთაშორისო დირექტორმა გვენდალ პულენეკმა.

აღსანიშნავია, რომ ცერემონიაზე მიიწვევენ იმ რესტორნების შეფმზარეულებსაც, რომლებიც 2027 წლის შერჩევაში პირველად მოხვდებიან, ასევე MICHELIN-ის ვარსკვლავების მფლობელებს. ღონისძიების დასრულების შემდეგ გზამკვლევის სრული შერჩევა ხელმისაწვდომი იქნება MICHELIN-ის ოფიციალურ ვებგვერდსა და მობილურ აპლიკაციაში.

როგორ აფასებს MICHELIN-ის გზამკვლევი რესტორნებს?

MICHELIN-ის გზამკვლევი 1900 წელს შეიქმნა და თავდაპირველად მოგზაურებს საუკეთესო რესტორნებისა და გასტრონომიული მიმართულებების აღმოჩენაში ეხმარებოდა.

რესტორნების შეფასებისას ანონიმური ინსპექტორები ხუთ ძირითად კრიტერიუმს ითვალისწინებენ:

ინგრედიენტების ხარისხს;
მომზადების ტექნიკას;
გემოების ჰარმონიას;
შეფმზარეულის ინდივიდუალურ სტილს
კერძების ხარისხის მუდმივობას;
 შეფასება დამოუკიდებლად, მსოფლიოს მასშტაბით ერთიანი მეთოდოლოგიით ტარდება.

რესტორნების გარდა, MICHELIN-ის გზამკვლევი გამორჩეულ სასტუმროებსაც აერთიანებს. მათგან საუკეთესოებს MICHELIN-ის გასაღებებით აჯილდოებენ, რაც სასტუმროს განსაკუთრებულ ხარისხს, დიზაინს, მომსახურებასა და სტუმრობის გამოცდილებას აღნიშნავს.

 Michelin-ის შესახებ 

Michelin 130 წელზე მეტია ინოვაციურ მასალებს ავითარებს და მიზნად ისახავს, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებასა და მდგრადი მომავლის შექმნაში.

პოლიმერული კომპოზიტების სფეროში დაგროვილი ცოდნის საფუძველზე კომპანია მუდმივად ნერგავს ინოვაციებს და აწარმოებს მაღალი ხარისხის საბურავებსა და კომპონენტებს ტრანსპორტის, მშენებლობის, ავიაციის, დაბალნახშირბადიანი ენერგეტიკისა და ჯანდაცვის სფეროებისთვის.

Michelin მომხმარებლებს ასევე სთავაზობს მონაცემებსა და ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ციფრულ გადაწყვეტილებებს სატრანსპორტო ფლოტების მართვისთვის, ასევე MICHELIN-ის გზამკვლევის მეშვეობით რეკომენდაციებს გამორჩეული რესტორნებისა და სასტუმროების შესახებ.

საფრანგეთის ქალაქ კლერმონ-ფერანში მდებარე კომპანია 175 ქვეყანაში ფუნქციონირებს  და 129 800 ადამიანს ასაქმებს. ვებგვერდი: (www.michelin.com).

თარგმანი aktual.ge