თურქეთის აღმოსავლეთით მდებარე მარილის მღვიმის და იღდირის ქოჩბაშლის (ვერძისთავიანი) საფლავის ქვების ღია ცის ქვეშ მუზეუმის მონახულების შემდეგ, აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად გეზი ქალაქ ვანისკენ ავიღეთ.
ქალაქ იღდირიდან რამდენიმე საათიანი მგზავრობის შემდეგ, ქალაქ ვანმა გვიმასპინძლა, რომელსაც გარს კლდეზე აღმართული ციხესიმაგრე აკრავს.
ძველი და ახალი ვანი - მუსლიმური სამყაროს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია.

ვანის ციხესიმაგრე
ვანის ციხე ძველი ურარტული ციხესიმაგრეა, რომლის სიგრძე დაახლოებით 1800 მეტრია, სიგანე 120 მეტრი, ხოლო სიმაღლე 80 მეტრი.

ციხესიმაგრე მდებარეობს თანამედროვე თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ვანის ტბის აღმოსავლეთით (უძველესი ქალაქი ტუშფა).
ვანის ციხესიმაგრე დაარსდა ძვ.წ. მე-9 საუკუნეში (დაახლოებით ძვ.წ. 840 წლიდან) ურარტუს სამეფოს პერიოდში.
ციხის ტერიტორიაზე მდებარეობს სულეიმან ხანის სახელობის მეჩეთი.

ციხე-სიმაგრიდან მოჩანს ძველი ვანის ნამოსახლარი.

ვანის ტბა

ვანის ტბა ზღვის დონიდან 1646 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს
ვანის ტბა არის თურქეთის უდიდესი და მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი გაუდინარი მლაშე ტბა, რომელიც მდებარეობს აღმოსავლეთ თურქეთში, სომხეთის მთიანეთში.

მისი ფართობი დაახლოებით 3,7 ათასი კმ²-ია, საშუალო სიღრმე კი — 145 მეტრი.
ტბა ტექტონიკური წარმოშობისაა, დაგუბებულია სიუფჰანისა და ნემრუთის ვულკანების ლავით.
ვანის ტბის წყალი ძალზე მლაშეა (19,1‰).

მთავარი ღირსშესანიშნაობა, ტბაში მდებარეობს აქდამარის კუნძულია, რომელზედაც მე-7საუკუნის ცნობილი აქდამარის ეკლესია - მუზეუმი დგას.
მურადიეს ჩანჩქერი
ვანის ცენტრიდან 80 კილომეტრში. მდინარე ბენდი-მაჰის მდინარეზე მდებარეობს მურადიეს ჩანჩქერი, რომელსაც ოსმალეთის სულთან მურატ IV-ის პატივსაცემად ეწოდა მისი სახელი.

ჩანჩქერის სიმაღლე 50 მეტრია. ბუნებრივი სილამაზით გამორჩეული ჩანჩქერი, საუკეთესო ადგილია კემპინგისთვის. ადგილზე მოწყობილია ინფრასტრუქტურა, სადაც შესაძლებელია განტვირთვა.

ვანი შესანიშნავი ადგილია ტურისტული მარშრუტის დასაგეგმად.
პ.ს. Go Türkiye - ს შემდეგი გაჩერება აღრის პროვინციაა, სადაც ლეგენდის მიხედვით "ნოეს კიდობანი" გაჩერდა.
ფოტო ამბავს აღრის მთებიდან, (თურქ. Ağrı Dağı), იგივე არარატზე მკითხველს მოგვიანებით შევთავაზებთ. ასევე მოვყვებით ალდამარის კუნძულის სიდიადეზე, რომელიც საუკუნოვან ისტორია ინახავს.
აქ შეგიძლია იხილოთ - მარილის მღვიმე და იღდირის ქოჩბაშლის (ვერძისთავიანი) საფლავის ქვების ღია ცის ქვეშ მუზეუმი - ფოტოამბები აღმოსავლეთ თურქეთიდან









