„მსურველთა კოალიციამ“ უკრაინას „საჭიროების შემთხვევაში“ დახმარება აღუთქვა. ბერლინის სამიტის შემდეგ კანცლერმა მერცმა რუსეთის პრეზიდენტ პუტინს იარაღის დადუმებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, მშვიდობა მხოლოდ ევროპის მონაწილეობით მიიღწევა.

 

ბერლინში, ფედერალურ კანცელარიაში გამართულ „მსურველთა კოალიციის“ დღემდე ყველაზე მასშტაბურ სამიტზე 40 ქვეყანამ უკრაინისადმი ურყევი მხარდაჭერა გამოხატა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა სხვა ქვეყნებთან ერთად მიიღო უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ამერიკელი მომლაპარაკებლები სტივ ვიტკოფი და ჯარედ კუშნერი, რომლებიც უკრაინასა და რუსეთს შორის შუამავლობას ახორციელებენ.  

„ჩვენ კიევს მანამ დავუჭერთ მხარს, სანამ საჭირო იქნება“. „მსურველთა კოალიციის“ უკრაინაში ომის გახანგრძლივებას მხარს არ უჭერს. „ჩვენ გვსურს ამ ომის დასრულება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ უკრაინამ შეძლოს ეფექტურად დაიცვას თავი იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა“ და „ჩვენ ამ წვლილს შევიტანთ, რათა სამშვიდობო მოლაპარაკებები საერთოდ შესაძლებელი გავხადოთ და ძალის პოზიციიდან წარვმართოთ“ , — განაცხადა მერცმა სამიტის შემდეგ.

მაგრამ ეს ომი უნდა დასრულდეს ისეთი უკრაინით, რომელიც შეინარჩუნებს თავის ტერიტორიულ მთლიანობას, რომელსაც ექნება ძლიერი უსაფრთხოების გარანტიები, რაც, უპირველეს ყოვლისა, ევროპის უსაფრთხოების სისტემაში მის ჩართვას მოიცავს, — თქვა კანცლერმა და ხაზი გაუსვა დიპლომატიური გადაწყვეტის აუცილებლობასა და მოლაპარაკებებისთვის ევროპის მზაობას.

„ჩვენ ვიცით, რომ ეს ომი მხოლოდ მაშინ დასრულდება, თუ იქნება დიპლომატიური გადაწყვეტა“, — განაცხადა მერცმა და აღნიშნა, რომ  ისინი „რა თქმა უნდა, მზად არიან“ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებისთვის. მოლაპარაკებებში უნდა მონაწილეობდნენ უკრაინა, რუსეთი, შეერთებული შტატები და ევროპა.

„ეს მოლაპარაკებები რაც შეიძლება მალე უნდა ჩატარდეს“, — განაცხადა კანცლერმა  და მიუთითა, რომ ეს შეიძლება მოხდეს, ნეიტრალურ ტერიტორიაზე, მაგალითად, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. მან უარყო უკრაინისთვის სამშვიდობო შეთანხმება ევროპული სახელმწიფოების მონაწილეობის გარეშე.

„იალტის ფორმატი მშვიდობას არ მოიტანს“, - თქვა მან აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რუსეთის პრეზიდენტ პუტინს და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შორის სამმხრივ სამიტზე საუბრისას და მიანიშნა მეორე მსოფლიო ომის გამარჯვებული ძალების სამიტზე, რომელმაც ევროპის ორ ბლოკად დაყოფას გაუხსნა გზა.

„შენჟენში შეხვედრა, როგორც ჩანს, ძირითადად საჯარო ტრიუკი იყო“, — დასძინა მერცმა სამიტზე საუბრისას და პუტინს ომის დასრულების, იარაღის დაყრის და დიპლომატიური გადაწყვეტილებების ერთობლივად მოძიებისკენ მოუწოდა.

„ჩვენ უკრაინისთვის სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა გვინდა“, — ხაზგასმით აღნიშნა კანცლერმა.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იმედოვნებს, რომ ევროპა დაუყოვნებლივ მიიღებს მონაწილეობას რუსეთთან აშშ-ის შუამავლობით მოლაპარაკებებში. შემდეგი შეხვედრის დროისა და დღის წესრიგის შესახებ ცალკეული დისკუსიები ვიტკოვთან და კუშნერთან გაიმართება. „და ეს უკვე ოთხი მხარის შეხვედრა უნდა იყოს“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.

მისი თქმით, ზამთრის მოახლოებიდან გამომდინარე, მიზანია, რომ დრო არ დაიკარგოს და რუსეთი აიძულონ, იმუშაოს სამშვიდობო გადაწყვეტაზე. იგი ასევე იმედოვნებს, რომ აშშ გამოიყენებს თავის გავლენას რუსეთზე.

ამერიკელმა მომლაპარაკებელმა ჯარედ კუშნერმა განაცხადა, რომ რუსეთი ღიაა ნატოს ხელშეკრულების მე-5 მუხლის მიხედვით შექმნილი უსაფრთხოების გარანტიებისთვის.

შეერთებულმა შტატებმა რუსებს გააცნო კონცეფცია, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი უსაფრთხოების ვალდებულება ამ პრინციპზე იქნება დაფუძნებული, — განაცხადა ტრამპის სიძემ. 

მოსკოვის მხრიდან ამ განცხადებაზე რეაქცია ჯერჯერობით არ ყოფილა. მე-5 მუხლი ადგენს, რომ ნატოს მოკავშირეებს თავდასხმის შემთხვევაში შეუძლიათ მოკავშირეების მხარდაჭერის იმედი ჰქონდეთ და რომ ერთ წევრზე თავდასხმა ყველა წევრზე თავდასხმად ითვლება. გაურკვეველი რჩება, ვინ დაიცავს უკრაინას რუსეთის კიდევ ერთი თავდასხმის შემთხვევაში და რა როლს შეასრულებს შეერთებული შტატები ასეთ შემთხვევაში. რუსეთი კვლავ კატეგორიულად უარყოფს უკრაინის ნატოში ნებისმიერ პოტენციურ წევრობას.  

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ენდი ბერნჰემი აშშ-ის წარმომადგენლების მონაწილეობას სამიტში მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს.

„ეს ნამდვილად ქმნის განსხვავებას და ხსნის პერსპექტივებს ნამდვილი მოლაპარაკებებისთვის“. ევროპას აქვს მკაფიო, თანმიმდევრული და ერთიანი მოლაპარაკების პოზიცია. 40 ქვეყანას შორის მოლაპარაკებები „უფრო ძლიერი, უფრო ერთიანი და უფრო მტკიცე“ იყო, ვიდრე ოდესმე ყოფილა, — განაცხადა ბერნჰემმა.  

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვისთვის ბრძოლაში  უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის გაგრძელებისკენ მოუწოდა. მან ასევე მოუწოდა უკრაინის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლებისკენ.

„რუსეთის მაქსიმალისტური მოთხოვნების გათვალისწინებით, მე მჯერა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი დღის წესრიგში უნდა დაბრუნდეს“, — თქვა მაკრონმა.

მასალა წარმოადგენს „ტაგესშაუში“ გამოქვეყნებილი სტატიის თარგმანის მცირეოდენ შემოკლებულ ვარიანტს, მომზადებულს რაულ კაპანაძის მიერ.