"მან რუსული უნდა ისწავლოს. ეს შეიძლება ციმბირის ბანაკში გამოადგეს", - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევი X-ზე წერს და რუტეს The New York Times-თან ინტერვიუს ეხმაურება. მისი თქმით, რუტემ "ბევრი მაგიური სოკო მიირთვა".

"გენერალურმა მდივანმა რუტემ აშკარად ძალიან ბევრი მაგიური სოკო მიირთვა, რომლებიც ჰოლანდიელებს უყვართ. ის, ტაივანთან დაკავშირებით, ჩინეთსა და რუსეთს შორის შეთქმულებას ხედავს შემდეგ კი რუსეთის თავდასხმას ევროპაზე. თუმცა, ერთ რამეში მართალია: მან რუსული უნდა ისწავლოს. ეს შეიძლება ციმბირის ბანაკში გამოადგეს", - წერს მედვედევი.

ცნობისათვის, მარკ რუტემ The New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ 5-7 წელიწადში რუსეთი ესტონეთს შეიძლება თავს დაესხას.

"ყველაფერი, რაც New Yorker-შია აღწერილი, სწორია. თუმცა ეს არ არის "გამოსაღვიძებელი ზარი", რადგან ჩვენ გვაქვს ყველა გეგმა, რომ თუ ესტონეთს თავს დაესხმებიან - და რუსებმა ეს იციან - ჩვენი რეაქცია გამანადგურებელი იქნება. დეტალებში ვერ შევალ, რადგან ვიცი, რომ ვლადიმერ პუტინი ამ პროგრამებს აკვირდება. თუმცა, ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ არა მხოლოდ ეს გეგმები გვაქვს, არამედ გვყავს ხალხი და სამხედრო აღჭურვილობაც, რომელიც ამას მხარს დაუჭერს. სწორედ ამიტომ გვჭირდება მეტის დახარჯვა. თუმცა, საქმე იმაში არ არის, რომ ესტონელები მარტო დარჩნენ. NATO-ს სრული ძალა, მათ შორის შეერთებული შტატების სრული მხარდაჭერა, მოვა დასახმარებლად. პუტინმა ეს იცის. სწორედ ამიტომ არ დაესხმება თავს დღეს ესტონეთს. თუმცა, შესაძლოა, ხუთ ან შვიდ წელიწადში დაესხას თავს, თუ ყველა ამ დამატებით ინვესტიციას არ განვახორციელებთ", - აღნიშნა რუტემ.