თეთრი სახლის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი X-ზე რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, დმიტრი მედვედევს, გამოეხმაურა და მედვედევის განცხადებას მესამე მსოფლიო ომის შესახებ "უპასუხისმგებლო" უწოდა.
"მესამე მსოფლიო ომის შიშების გაღვივება არის სამწუხარო და უპასუხისმგებლო განცხადება დმიტრი მედვედევის მხრიდან, და ეს არ შეეფერება გლობალურ ძალას. პრეზიდენტი ტრამპი მუშაობს ამ ომის შეწყვეტასა და მკვლელობების დასრულებაზე," წერს კელოგი.
მან დაამატა, რომ ამერიკული მხარე რუსეთისგან მემორანდუმის გადაცემას მოელის და რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადებისკენ:
"ველით რუსეთის მემორანდუმის მოთხოვნების ფურცლის მიღებას, რომელსაც ერთი კვირის წინ შეგვპირდით. დაუყოვნებლივ შეწყდეს ცეცხლი," დაწერა ტრამპის წარმომადგენელმა.
ცნობისთვის, მედვედევმა დონალდ ტრამპის პოსტის პასუხად პლატფორმა X-ზე მიანიშნა, რომ ერთადერთი ცუდი რამ, რაც შეიძლება მოხდეს, "მესამე მსოფლიო ომია."
"რაც შეეხება ტრამპის სიტყვებს, რომ პუტინი "ცეცხლთან თამაშობს" და რუსეთში "ძალიან ცუდი რაღაცები" მოხდება, მხოლოდ ერთი ძალიან ცუდი რამ ვიცი - მესამე მსოფლიო ომი. იმედია, ტრამპს ეს ესმის." - დაწერა მედვედევმა.