შეიარაღებული მამაკაცი, რომელიც ფლორიდაში, დონალდ ტრამპის მარ-ა-ლაგოს რეზიდენციის ტერიტორიაზე შეიჭრა, 21 წლის ოსტინ ტაკერ მარტინია, ჩრდილოეთ კაროლინიდან. მამაკაცი, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღის გარდა, მანქანაში ბენზინით სავსე ჭურჭელიც აღმოაჩნდა, მარ-ა-ლაგოში ადგილობრივი დროით დაახლოებით 01:30 საათზე შევიდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა რეზიდენციის ტერიტორიაზე შესვლა იმ დროს მოახერხა, როცა ერთ-ერთი სტუმარი რეზიდენციიდან გამოდიოდა. მედიის ცნობით, ინციდენტის დროს ტრამპი ფლორიდაში არ იმყოფებოდა.
ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ინციდენტის შედეგად, სამართალდამცავი ორგანოს არცერთი წარმომადგენელი არ დაშავებულა.
როგორც „სქაი ნიუსი“ წერს, საჯაროდ ხელმისაწვდომი ჩანაწერების თანახმად, მარტინს არ აქვს კრიმინალური წარსული და მისი მოტივი ამჟამად უცნობია. მედია იუწყება, რომ ოსტინის ოჯახმა რამდენიმე დღის წინ მისი გაუჩინარების შესახებ განაცხადა.
აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ ესაუბრა აშშ-ის პრეზიდენტს. მისივე თქმით, ტრამპი და მისი ოჯახი უსაფრთხოდ არიან. ბესენტის განცხადებით, პრეზიდენტის გარშემო უსაფრთხოების პერიმეტრი ისეთივე ძლიერია, როგორც არასდროს და საიდუმლო სამსახური ახლა გაცილებით უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე 2024 წელს, პენსილვანიის შტატის ქალაქ ბატლერში ტრამპის მკვლელობის მცდელობის დროს იყო. ბესენტი პოლიტიკურ ძალადობაში მემარცხენეებს ადანაშაულებს.
„ეს ეგზისტენციალური საფრთხე მემარცხენეების მხრიდან, ეს შხამი ნამდვილად უნდა შეწყდეს. მათ ეს ძალადობა ნორმალიზებულად აქციეს“, – განაცხადა ბესენტმა.
აღნიშნულ ინციდენტს გამოეხმაურა თეთრი სახლის პრესსპიკერი კეროლაინ ლევიტი.
„ღამით, ვიდრე ამერიკელების უმეტესობას ეძინა, შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურმა სწრაფად და გადამწყვეტად იმოქმედა, რათა გაენეიტრალებინა შეშლილი ადამიანი, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის სახლში შეიჭრა. ფედერალური სამართალდამცავი ორგანოები 24/7-ზე მუშაობენ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და ყველა ამერიკელის დასაცავად. სამარცხვინო და დაუფიქრებელია, რომ დემოკრატებმა თავიანთი დეპარტამენტის დახურვა გადაწყვიტეს“, – წერს ლევიტი.
თარგმანი: პირველი არხი













