აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ 19 დეკემბერს გამართულ 2-საათიან პრესკონფერენციაზე რუსეთ-უკრაინის ომზეც ისაუბრა და განმარტა, რომ მიმდინარე სამშვიდობო პროცესი უკრაინისთვის "შეთანხმების თავს მოხვევას" არ ნიშნავს. 

"ჩვენ ვცდილობთ, გავარკვიოთ, რის დათმობა შეუძლია რუსეთს და რის მიღებას მოელიან - რის დათმობა შეუძლია უკრაინას და რის მიღებას მოელიან. საბოლოოდ, გადაწყვეტილების მიღება უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული და არა - ამერიკის შეერთებულ შტატებზე. ჩვენ ამ როლის თამაშს ვცდილობთ და ამიტომ ხედავთ ამდენ შეხვედრას. ეს არ არის ვინმეზე შეთანხმების თავს მოხვევა." - თქვა მან.

რუბიომ ასევე აღნიშნა, რომ "მთელი ეს ნარატივი, რომ უკრაინაზე რაღაცის თავს მოხვევას ვცდილობთ, სისულელეა. სამშვიდობო შეთანხმება ვერ იქნება, თუ უკრაინა ამას არ დათანხმდება, მაგრამ ეს მაშინაც ვერ მოხდება, თუ რუსეთი ამას არ დათანხმდება. ჩვენ უბრალოდ ვცდილობთ, გავიგოთ, არსებობს თუ არა საერთო წერტილი, რომლის პოვნაც შესაძლებელია და შესაძლოა, ეს არ იყოს მიღწევადი, ან იყოს, ან ამ ეტაპზე არ იყოს შესაძლებლები."

"ჩვენ რუსეთს იარაღს არ ვაწვდით, მხოლოდ უკრაინას ვაწვდით. აშშ უკრაინას არ ასანქცირებს, მხოლოდ რუსეთს უწესებს სანქციებს, თუმცა ჩვენ მაინც ვრჩებით მსოფლიოში ერთადერთ ქვეყნად, რომელსაც ორივე მხარესთან საუბარი შეუძლია. ამიტომ, მოდით, მკაფიოდ ვთქვათ ის, თუ რა როლი გვაქვს აქამდე შესრულებული." - დაამატა მან. 

ამასთანავე, რუბიოს თქმით, "არავის არ უთქვამს, რომ ეროვნული ინტერესების კუთხით უკრაინაში ჩვენი ინტერესი ნულია. ჩვენ მათ მილიარდობით დოლარის ოდენობის შეიარაღება მივყიდეთ და მივაწოდეთ. განვაგრძობთ მათთვის სადაზვერვო მხარდაჭერის მიწოდებას და ჩვენ, პრეზიდენტმა რუსეთის ფედერაცია დაასანქცირა, მან ნავთობზე სანქციები გამოსცა. ნავთობის სანქციები, რომელსაც ყველა მისგან ითხოვდა, მან დააწესა, თვე-ნახევრის წინ დააწესა".