NATO-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს თქმით, უკრაინაში შემაკავებელი სამხედრო კონტინგენტის განლაგების საკითხი კიევის გადასაწყვეტია და არა რუსეთის. ამის შესახებ რუტემ პრაღაში გამართული დისკუსიის დროს ისაუბრა.
"რატომ უნდა გვაინტერესებდეს, რას ფიქრობს რუსეთი ვინმეს სამხედროებზე უკრაინაში? უკრაინა სუვერენული სახელმწიფოა. ეს არ არის მათი გადასაწყვეტი. რუსეთი ამასთან არაფერი შუაშია". - თქვა რუტემ.
ამასთან, ალიანსის გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ძალიან უკვირს, როდესაც ვიღაც კვლავ მოსკოვისკენ იყურება.
"თუ უკრაინას სურს, რომ სამშვიდობო შეთანხმების მხარდასაჭერად უკრაინაში უსაფრთხოების გარანტიის ძალები ჰყავდეს, ეს მისი გადასაწყვეტია. სხვას ამის გადაწყვეტა არ შეუძლია. მე ვფიქრობ, რომ ნამდვილად უნდა შევწყვიტოთ პუტინის გავლენის ზედმეტად წარმოჩენა". - დაამატა რუტემ.








