ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ თეთრ სახლში გამართულ გაფართოებულ შეხვედრაზე მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უკრაინაში მიმდინარე ომში ჩიხის გარღვევისთვის.

„პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ დონალდ ტრამპს იმისთვის, რომ თქვენ, როგორც ადრე ვთქვი, გაარღვიეთ ჩიხი, ფაქტობრივად, პრეზიდენტ პუტინთან ამ დიალოგის დაწყებით. თებერვალში იყო თქვენი პირველი სატელეფონო საუბარი და მას შემდეგ მოვედით იქამდე, სადაც ახლა ვართ. ვფიქრობ, თუ ასე კარგად გავაგრძელებთ, შევძლებთ ამის დასრულებას და უნდა დავასრულოთ ეს. უნდა შევაჩეროთ მკვლელობა, უნდა შევაჩეროთ უკრაინის ინფრასტრუქტურის განადგურება. ეს საშინელი ომია. ასე რომ, მე ნამდვილად აღფრთოვანებული ვარ. გავაკეთოთ დღესაც საუკეთესო და დავრწმუნდეთ, რომ დღეიდან მოყოლებული, რაც შეიძლება მალე მივიყვანოთ ეს საქმე დასასრულამდე. მე ნამდვილად მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თქვენი ლიდერობისთვის, იმისთვის, რასაც აკეთებთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველა ევროპელი კოლეგისთვისაც, ეს ნამდვილად გადამწყვეტია. ის ფაქტი, რომ თქვენ თქვით, რომ მზად ხართ, მონაწილეობა მიიღოთ უსაფრთხოების გარანტიებში, ეს დიდი ნაბიჯია. ეს ნამდვილად გარღვევაა“, – თქვა რუტემ.

თეთრ სახლში გაფართოებულ შეხვედრაში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე და ევროპელი ლიდერები მონაწილეობენ. მანამდე პირისპირ შეხვედრა გაიმართა დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის.

თარგმანი: პირველი არხი