მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა, აცხადებს, რომ ყველა მოლდოველის პრეზიდენტი იქნება.
"მოლდოვამ შეძლო თავისი ნებისა და ძალის ჩვენება თითოეული თქვენგანის ხმით. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ გაერთიანებულებს შეგვიძლია, დავამარცხოთ ისინი, ვისაც ჩვენი დამცირება სურდა. მოლდოვა მთელი ევროპის ისტორიაში უპრეცედენტო თავდასხმის სამიზნე გახდა: ბინძური ფული, ამომრჩეველთა უკანონო მოსყიდვა, დანაშაულებრივი დაჯგუფებების ჩარევა საარჩევნო პროცესებში, ჩვენს საზოგადოებაში სიძულვილისა და შიშის გავრცელება. თუმცა ჩვენი ერი გაერთიანდა და მოქალაქეებმა გაიმარჯვეს", – განაცხადა მაია სანდუმ.
მაია სანდუმ ამომრჩევლებს ასევე რუსულ ენაზე მიმართა.
"ძვირფასო მოლდოველებო, მადლობელი ვარ თითოეული თქვენგანის, ვინც არჩევნებზე მივიდა. მე გავიგონე თქვენი ხმა: ვინც მხარი დამიჭირა და იმათიც, ვინც ბატონ სტოიანოგლოს მისცა ხმა. მე პირობას ვდებ, რომ ყველა თქვენგანის პრეზიდენტი ვიქნები. ღირსეული მომავლის ჩვენს არჩევანში არავინ წააგებს. ჩვენ შესაძლოა, სხვადასხვა შეხედულებები გვქონდეს, სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობდეთ, თუმცა ჩვენ, ყველას, გვინდა მშვიდობა, ურთიერთგაგება და ღირსეული ცხოვრება ჩვენი შვილებისთვის. ეს არის ჩემი მთავარი მიზანი მოლდოვისთვის უახლოეს წლებში. ჩვენ გვჭირდება საზოგადოების გაერთიანება", – თქვა სანდუმ რუსულად.