ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდერ ლუკაშენკოს თქმით, უკრაინისთვის Tomahawk-ის რაკეტების გადაცემა ბირთვულ ომს გამოიწვევს. 

"Tomahawk-ის რაკეტები ამ საკითხს არათუ მოაგვარებს, არამედ ბირთვული ომის ესკალაციას გამოიწვევს. დონალდ ტრამპს ეს სავარაუდოდ ყველაზე კარგად ესმის და არ ჩქარობს, ეს მომაკვდინებელი იარაღი [უკრაინას] გადასცეს და რუსეთის სიღრმეში დარტყმების მიყენების საშუალება მისცეს, რისი იმედიც პრეზიდენტ ზელენსკის აქვს" – ამბობს ლუკაშენკო.

ლუკაშენკომ დაამატა, რომ ბელარუსი მზად არის კონფლიქტის მოგვარებაში გადამწყვეტი როლი ითამაშოს.

"მჯერა, რომ ბელარუსს, როგორც რუსეთის უახლოეს მოკავშირეს, აქვს გადამწყვეტი როლი უკრაინის კრიზისის მოგვარებასა და რეგიონული უსაფრთხოების არქიტექტურის ჩამოყალიბებაში. ამერიკელებმა ჩვენ ამ პროცესში გვნახეს. ჩვენ გვაქვს კონკრეტული შესაძლებლობები და პოტენციალი. თუ ამერიკელებს სურთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის მოგვარება და ხედავენ ამაში ჩვენს როლს, ჩვენ მზად ვართ მონაწილეობისთვის" – თქვა ლუკაშენკომ.