გამოცემა Axios წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ 11 ოქტომბერს გამართული სატელეფონო ზარის დროს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კიევისთვის Tomahawk-ის შორი რადიუსის რაკეტების მიწოდების საკითხზე ელაპარაკა.
წყაროებს არ უთქვამთ, მიიღო თუ არა ტრამპის ადმინისტრაციამ საბოლოო გადაწყვეტილება უკრაინისთვის Tomahawk-ების მიწოდების შესახებ. ერთ-ერთმა წყარომ დაამატა, რომ ზარი დაახლოებით 30 წუთს გაგრძელდა.
ზელენსკიმ დღეს X-ზე დაწერა, რომ ტრამპთან "ძალზე პოზიტიური და პროდუქტიული" სატელეფონო საუბარი გამართა, რის ფარგლებშიც ტრამპს ჰამას-ისრაელს შორის მიღწეული სამშვიდობო შეთანხმება მიულოცა და მასთან უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე რუსეთის იერიშებთან ერთად უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების საკითხიც განიხილა.
"ტრამპს მისი წარმატება მივულოცე ახლო აღმოსავლეთის შეთანხმებაში, რომლის უზრუნველყოფაც მან შეძლო, რაც შესანიშნავი მიღწევაა. თუ ომის შეჩერება ერთ რეგიონში შეიძლება, მაშინ, რა თქმა უნდა, სხვა ომების შეჩერებაცაა შესაძლებელი - მათ შორის, რუსეთის ომი." T- დაწერა მან X-ზე.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ტრამპს უკრაინის ენერგოსისტემაზე რუსეთის თავდასხმების შესახებ აცნობა. მისი თქმით, აფასებს, რომ აშშ-ს პრეზიდენტი მზადაა, უკრაინას დახმარება გაუწიოს.
"ჩვენ განვიხილეთ შესაძლებლობები, რათა გავაძლიეროთ ჩვენი საჰაერო თავდაცვა, ისევე როგორც კონკრეტული შეთანხმებები, რათა უზრუნველვყოთ ამაზე მუშაობა." - წერს ზელენსკი.