15 სექტემბერს დილით, ლონდონის მეტროში, „პარსონს გრინის“ სადგურზე მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ინფორმაციას სააგენტო Reuters ტერორისტებთან ასოცირებულ სააგენტო Amaq-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
აფეთქება „პარსონს გრინში“ ადგილობრივი დროით, დაახლოებით 08:20 საათზე მოხდა. გამოცემა "მეტრო" -ს კორესპონდენტის ცნობით, ადგილზე "თეთრი კონტეინერი" აფეთქდა. თავდაპირველად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფეთქების დროს რამდენიმე ადამიანმა მიიღო დამწვრობა, მაგრამ ბოლო მონაცემებით, დაშავებულთა რაოდენობა 29-მდე გაიზარდა.
პოლიციის განცხადებით, დაშავებულთა უმრავლესობას დამწვრობა აღენიშნება, რაც აფეთქების შემდეგ ხანძრის შედეგად იყო გამოწვეული. ლონდონის პოლიციამ მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა და დასძინა, რომ ძალიან ადრეა საუბარი იმის შესახებ, თუ რა მოხდა.
გამოძიებას კონტრტერორისტული პოლიცია აწარმოებს. პოლიციის ცნობით, ადგილზე ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა.