აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი მცირე სხვაობით ამარცხებს დონალდ ტრამპს საკვანძო შტატებში, რომელთა შედეგებიც საპრეზიდენტო არჩევნების ბედს წყვეტს. ამის შესახებ CNN/SSRS-ის კვლევაში ვკითხულობთ, რომელიც 4 სექტემბერს გამოქვეყნდა.
გამოკითხვის თანახმად, ვისკონსინში ამომრჩევლების 50% ჰარისს დაუჭერს მხარს, 44% - ტრამპს; მიჩიგანში 48% - ჰარისს, 43% - ტრამპს; არიზონაში ტრამპის მხარდაჭერა 49%-ს აღწევს, ჰარისის - 44%-ს; ჯორჯიასა და ნევადაში 48% მხარს უჭერს ჰარისს და 47%-მდე ტრამპს, ხოლო პენსილვანიაში კანდიდატების მხარდაჭერა თანაბარია - 47%.
ეკონომიკასა და იმიგრაციაზე საკვანძო შტატებში ამომრჩევლები უფრო მეტად რესპუბლიკელ კანდიდატს ენდობიან, მაგრამ ჰარისი უსწრებს ტრამპს დემოკრატიის, აბორტისა და რეპროდუქციული უფლებების დაცვის საკითხებში.
კვლევის მიხედვით, თითოეულ ასეთ შტატში, სავარაუდო ამომრჩევლების საშუალოდ 15% ამბობს, რომ მათ ჯერ არ გადაუწყვეტიათ ვის მისცემენ ხმას, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ამომრჩეველთა დიდმა ნაწილმა შეიძლება შეცვალოს თავისი შეხედულებები.
გამოკითხვებისა და საარჩევნო სისტემის გათვალისწინებით, პენსილვანია და ჯორჯია გამდაწყვეტი იქნება არჩევნების შედეგების განსაზღვრაში. 2020 წელს ჯო ბაიდენმა ჯორჯია მხოლოდ 12 ათასი ხმით მოიგო, არიზონა კი 10 ათასით.
გარდა ამისა, ამ შტატებში მცხოვრებ ამერიკელ ამომრჩეველთა ნახევარზე მეტმა განაცხადა, რომ ტრამპის შეხედულებები და პოლიტიკა ძალიან რადიკალურია.
21 ივლისს ჯო ბაიდენმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურის მოხსნა გამოაცხადა. ბაიდენმა ნოემბრის არჩევნებზე მხარი საკუთარ ვიცე-პრეზიდენტს, კამალა ჰარისს დაუჭირა.