ძლიერი ტყის ხანძრის გამო კუნძულ სიცილიაზე მყოფი ტურისტები იძულებულნი გახდნენ, ტერიტორია საკუთარი ძალებით, ნავების მეშვეობით დაეტოვებინათ, მოგვიანებით კი მათი ევაკუაცია სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა მოახერხეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
მათივე ცნობით, სახლების დატოვება მოუწიათ ადგილობრივ მცხოვრებლებსაც.
ტყის ხანძარმა ტრაპანის აეროპორტის ასაფრენ ბილიკამდეც მიაღწია. აეროპორტი დროებით დაკეტილია, ჩანიშნული რეისები კი სხვადასხვა ქალაქში გადანაწილდა.
ტრაპანის აეროპორტში გაჩენილი ცეცხლის ქრობის ოპერაციებში სპეციალური სახანძრო მანქანები და საჰაერო ძალები იღებდნენ მონაწილეობას.
შესაბამისი უწყების ცნობით, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია და ასაფრენი ბილიკი შემოწმებულია.
სხვადასხვა პროვინციაში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდირების პროცესს ძლიერი ქარი ართულებს. ამ დროისთვის რამდენიმე ცენტრალური გზა გადაკეტილია მაშველების მიერ.