საბერძნეთის სამართალდამცავი ორგანოების თქმით, 79 ადამიანია ეჭვმიტანილი განზრახ ცეცხლის გაჩენაში, რამაც ტყის ხანძარი გამოიწვია. ამის შესახებ Kathimerini-ს ეთერში საბერძნეთის მთავრობის სპიკერმა პავლოს მარინაკისმა განაცხადა.

კითხვაზე, რამდენად სავარაუდოა, რომ ხანძარი განზრახ გააჩინეს, მომხსენებელმა თქვა, რომ ხშირ შემთხვევაში ამის სერიოზული მტკიცებულებები არსებობს.

"გამოძიება გრძელდება... ჯამში, ამ დროისთვის 140-ზე მეტი ადამიანია დაკავებული, მათგან 79 ეჭვმიტანილია ცეცხლის გაჩენაში," - განაცხადა მარინაკისმა.

მან აღნიშნა, რომ განზრახ ცეცხლის გამჩენებს "ყველაზე უარეს დამნაშავეებად" მიიჩნევს.

გასულ კვირას საბერძნეთი ტყის მასშტაბურ ხანძრებს ებრძოდა, რომლის კვამლიც სატელიტურ სურათებზეც ჩანს.

თურქეთის საზღვართან, ქალაქ ალექსანდროპოლის მახლობლად არსებულ ხანძარს ევროკავშირის ისტორიაში ყველაზე უარესი უწოდეს. ამ არეალში 18 ადამიანი დაიღუპა, სავარაუდოდ, არალეგალური მიგრანტები, რომლებმაც თურქეთიდან საზღვარი გადმოკვეთეს.