მოსკოვის მიმდებარედ, კროკუს სითი ჰოლში მომხდარი ტერაქტის მსხვერპლთა რიცხვი 143-მდე გაიზარდა. ინფორმაცია რუსეთის გადაუდებელ ვითარებათა სამინისტროს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

აქამდე, 26 მარტს გავრცელდა ცნობა, რომ დაღუპული იყო 140 ადამიანი. 27 მარტს ცნობილი გახდა, რომ კიდევ 1 პირი, რომელიც დაჭრილი იყო, საავადმყოფოში გარდაიცვალა. უცნობია დაღუპული ორი ადამიანი ასევე მკურნალობის დროს გარდაიცვალა თუ მათი ცხედრები იპოვეს.

22 მარტის ღამეს რუსეთის დედაქალაქის მახლობლად, მოსკოვის ოლქში, კრასნოგორსკში მდებარე "კროკუს სითი ჰოლის" საკონცერტო დარბაზში, სულ მცირე, სამი შეიარაღებული პირი შეიჭრა. მათ შენობაში მყოფ მოქალაქეებს ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუხსნეს ცეცხლი. გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანს, როგორ ისვრიან საკონცერტო დარბაზში თავდამსხმელები და როგორ იმალება ხალხი. გავრცელებულ ვიდეოებში ჩანან დაღუპული ადამიანებიც.

თავდამსხმელებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლეს, Renault-ის მარკის თეთრი ავტომობილით. ხანძრის შედეგად განადგურდა საკონცერტო დარბაზის ზედა სართულები. ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი 143-ია. ტერაქტში მონაწილე პირები 23 მარტს დააკავეს.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ (ISIS), კერძოდ ე.წ. ხორასნის ვილაიეთმა აიღო. ტერორისტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულმა მედიამ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც თავდასხმას "ბოლო წლებში ყველაზე დაუნდობელი" უწოდეს და ხაზი გაუსვეს, რომ მათ სამიზნეს ქრისტიანები წარმოადგენდნენ.