კალიფორნიის შტატის სახელით ადვოკატებმა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ ფედერალურ სასამართლოში საჩივარი შეიტანეს.
სარჩელის ავტორები აცხადებენ, რომ ტრამპმა შტატში ეროვნული გვარდიის გაგზავნით უფლებამოსილება მიითვისა და შტატის გუბერნატორ, გევინ ნიუსომს უკანონოდ "აუარა გვერდი".
ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის წევრები ფედერალური საკუთრებისა და პერსონალის დასაცავად იმ კანონის საფუძველზე გაიგზავნნენ, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტს გვარდიის გამოყენების უფლებას ამბოხების დროს აძლევს.
სარჩელში ნათქვამია, რომ აღნიშნული კანონი არ ვრცელდება იმ პროტესტზე, რომელიც ლოს-ანჯელესში უკანასკნელ დღეებში მიმდინარეობს.
"ბოლო სამი დღის განმავლობაში არ ყოფილა აჯანყება ან ამბოხი". - ნათქვამია სარჩელში.
იურისტები ასევე აღნიშნავენ, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მითითებული მუხლი 12406 ეროვნული გვარდიის გამოძახება გუბერნატორის მეშვეობით ითვალისწინებს.
"პრეზიდენტის მითითებული მუხლი გვარდიის გამოძახებას მხოლოდ მაშინ ითვალისწინებს, როცა უცხო ქვეყანა შემოიჭრება, როცა აჯანყება ხდება ხელისუფლების დასამხობად და როცა ფედერალური ძალები ვერ აღასრულებენ კანონს". - აღნიშნა კალიფორნიის გენერალურმა პროკურორმა რობ ბონტამ.
მისი თქმით, არცერთი დასახელებული შემთხვევა არ მომხდარა.