ჩეჩნეთის კრემლის მიერ ხელდასხმული ლიდერის რამზან კადიროვის 16 წლის ვაჟი ადამი გახდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბაზაზე ახლად შექმნილი შეიხ მანსურის სახელობის ჩეჩნური ბატალიონის „კურატორი“.
ქვედანაყოფს რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბორის ნემცოვის მკვლელობაში მონაწილე რუსლან გერემეევი ხელმძღვანელობს. ამის შესახებ ჩეჩნეთის პარლამენტის სპიკერმა მაგომედ დაუდოვმა და რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა ჩეჩნეთიდან ადამ დელიმხანოვმა დაწერეს თავიანთ Telegram არხებზე.
დაუდოვმა აღნიშნა, რომ კადიროვ–უმცროსს „აუცილებელი შესაძლებლობები და უნარები აქვს, რომელთაგან მთავარია შრომისმოყვარეობა, თავდადება და პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულებაა დაკისრებული მოვალეობის მიმართ“. თავის მხრივ, დელიმხანოვმა ადამ კადიროვს უწოდა "მეომრად დაბადებული, რომელსაც შესანიშნავი ლიდერის თვისებები აქვს".
გარდა ამისა, ადამ კადიროვმა მიიღო შეიხ მანსურის ბატალიონის ვარსკვლავი.
ამრიგად, ჯილდოების საერთო რაოდენობამ, რომელიც მოზარდმა 2023 წლის სექტემბრიდან, წინასწარი დაკავების იზოლატორში დაუცველი პატიმრის ნიკიტა ჟურაველის ცემის შემდეგ მიიღო, ათს გადააჭარბა.
შეიხ მანსური არის ისლამის მქადაგებელი, ჩრდილოეთ კავკასიის პირველი იმამი, მე-18 საუკუნის ბოლოს ჩრდილოეთ კავკასიის მაღალმთიანეთის სახალხო-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი. დაახლოებით 1760 წელს სოფელ ალდიში დაბადებისას მან მიიღო სახელი უშურმა. 2021 წელს სოფელში იმამის სახელობის მეჩეთი ააგეს.