ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ბლოკის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მუშაობს.
"ზოგი ამბობს, რომ ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არ მუშაობს. ეს უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება. მათ უკვე შეძლეს მოსკოვის შესაძლებლობების შეზღუდვა, საკვანძო ბაზრებიდან ქვეყნის გამოდევნა და რუსეთის ინდუსტრიული და ტექნოლოგიური შესაძლებლობების მნიშვნელოვანი დეგრადაცია. ომის შესაჩერებლად, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ეს კურსი", – აღნიშნა მან.
მისი თქმით, ევროკავშირმა სამოგზაურო აკრძალვა დაუწესა და აქტივები გაუყინა 1 500-ზე მეტ ფიზიკურ პირსა და 250-მდე ორგანიზაციას.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში აცხადებს, რომ „სანქციების ეფექტი დროთა განმავლობაში გაძლიერდება, რადგან ზომები გრძელვადიან ზემოქმედებას ახდენს რუსეთის ბიუჯეტზე და მის სამრეწველო და ტექნოლოგიურ ბაზაზე."