იტალიის პრემიერმინისტრმა, ჯორჯია მელონიმ განაცხადა, რომ იტალია მხოლოდ იმ შემთხვევაში აღიარებს პალესტინის სახელმწიფოებრიობას, თუკი ღაზაში ტყვეობაში მყოფი ყოველი ისრაელელი მძევალი გათავისუფლდება და "ჰამასის" ტერორისტული ორგანიზაცია ყოველგვარ სამთავრობო როლს ჩამოშორდება.
"მე არ ვეწინააღმდეგები პალესტინის აღიარებას, მაგრამ ჩვენ სწორი პრიორიტეტები უნდა დავისახოთ," განუცხადა მელონიმ რეპორტიორებს.
ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, იტალიის პრემიერმა ასევე თქვა, რომ საერთაშორისო წნეხი ისრაელის მაგივრად "ჰამასზე" უნდა იყოს. ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომი "ჰამასმა" დაიწყო და მშვიდობის დამყარებას, მძევლების არ გათავისუფლებით, სწორედ ის უშლის ხელს.
ცნობისთვის, 22 სექტემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პალესტინის სახელმწიფოებრიობა მონაკომ, ლუქსემბურგმა, ბელგიამ, მალტამ და ანდორამ აღიარეს მას შემდეგ, რაც წინა დღით იგივე ნაბიჯი გაერთიანებულმა სამეფომ, კანადამ ავსტრალიამ და პორტუგალიამ გადადგა.