"ომის კვლევის ინსტიტუტის" (ISW) ცნობით, უკრაინული ძალები ზაპოროჟიეს ოლქში წინ მიიწევენ.
"4 ივნისს უკრაინულმა ძალებმა სახმელეთო შეტევები განახორციელეს და ტაქტიკურ წარმატებას მიაღწიეს დონეცკის ოლქის დასავლეთ ნაწილში და ზაპოროჟიეს რეგიონის აღმოსავლეთ ნაწილში", - აცხადებს ISW.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დღეს დილით გავრცეელებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე 14 სარაკეტო და 40 საავიაციო დარტყმა განახორციელეს და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით უკრაინის თავდაცვის ძალების პოზიციები და დასახლებული პუნქტები 51-ჯერ დაცხრილეს.
უკრაინის არმიის სარდლობა წინა დღეების მსგავსად აცხადებს, რომ მოწინააღმდეგეს ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებული აქვს ლუგანსკის და დონეცკის ოლქების სრული ოკუპაციის მცდელობაზე. მისი ინფორმაციით, გასულ 24 საათში ამ ოლქებში 29 შეტაკება მოხდა.
გენერალური შტაბის მონაცემებით, უკრაინის ავიაციამ მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის თავმოყრის რაიონებზე 15 დარტყმა განახორციელა, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა საოკუპაციო ძალების სამხედრო ტექნიკის თავმოყრის 2 რაიონი, მართვის 3 პუნქტი, 2 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, 4 რადიოელექტრონული სადგური და საბრძოლო მასალების 4 საწყობი გაანადგურეს.